თსუ-ში „შინ ევროპისკენ“ კამპანიის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ე.წ. მაღლივ კორპუსთან სტუდენტების ნაწილი „შინ ევროპისკენ, წინ ევროპისკენ“ კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებდა, რა დროსაც მათსა და, სავარაუდოდ, სტუდენტების მეორე ჯგუფს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სამოქალაქო მოძრაობის წევრი, სტუდენტი, სოფო მოლაშხია აცხადებს, რომ მათ კამპანიას „ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები უშლიან ხელს. მისი თქმით, მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა გუშინ კამპანია დედა ენის ბაღში ჩაშალეს, ახლა კი იგივე გააკეთეს უნივერსიტეტშიც.

კამპანიის წევრებთან დაპირისპირებულმა ერთ-ერთმა სტუდენტმა, ნიკოლოზ მელიქიშვილმა განაცხადა, რომ მაღლივში გამოცდა ჰქონდა და ამიტომ მივიდა იქ, თუმცა არ უარუყვია რომ „ოცნების“ მხარდამჭერია და სოციალურ ქსელში სამუშაო ადგილად პარტია და ისნის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაცია აქვს მითითებული.

სტუდენტების დაპირისპირების განმუხტვას თსუ-ის უსაფრთხოების სამსახური ცდილობდა, მოგვიანებით ადგილზე საპატრულო პოლიციაც მივიდა.

„პუბლიკა“ შსს-ს დაუკავშირდა, პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

„შინ ევროპაში“ კამპანია, მეორე დღეა, დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

გუშინ კახეთში დაპირისპირება მოხდა „ლელოს“ ლიდერებთან შეხვედრის დროს, გურიაში კი – ენმ-ის წევრებთან. ორივე შემთხვევაში დაპირისპირებაში საჯარო სამსახურში დასაქმებულები მონაწილეობდნენ. დღეს ხმაური იყო სამეგრელოსა და იმერეთშიც.

LB loan image desktop LB loan image mobile