თსუ-სთან მომხდარ ძალადობაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსთან მომხდარ დაპირისპირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის (126-ე) მუხლთ დაიწყო.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ე.წ. მაღლივ კორპუსთან სტუდენტების ნაწილი „შინ ევროპისკენ, წინ ევროპისკენ“ კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებდა, რა დროსაც მათსა და, სავარაუდოდ, „ოცნების“ მხარდამჭერებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

კამპანიის წევრებთან დაპირისპირებულმა ერთ-ერთმა სტუდენტმა, ნიკოლოზ მელიქიშვილმა განაცხადა, რომ მაღლივში გამოცდა ჰქონდა და ამიტომ მივიდა იქ, თუმცა არ უარუყვია რომ „ოცნების“ მხარდამჭერია და სოციალურ ქსელში სამუშაო ადგილად პარტია და ისნის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაცია აქვს მითითებული. მან კამპანიის მონაწილეებს უთხრა, რომ არ მოსწონს, ბუკლეტებს რომ არიგებენ, არ ეთანხმება ბუკლეტის შინაარსს და არ მოსწონს, რომ 3 ივლისს აქცია უნდა გაიმართოს.

მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებები გაავრცელეს IDFI-იმ და საიამ. მათი განცხადებით, კამპანიის წარმომადგენლებზე თავდასხმისა და მათთვის ხელის შეშლის ფაქტები სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. IDFI მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, აუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე, სიტყვის თავისუფლების ხელყოფის მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე.