თუ ახალი შემთხვევები ათეულობით გვექნება რესურსი გვეყოფა, მთავარია არ იყოს ასეულობით - ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებზე ისაუბრა.

მისი თქმით, დილის შემდეგ ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რიცხვი არ შეცვლილა და 370 -ია. გამოჯანმრთელდა 79.

„24 საათის განმავლობაში 35 პაციენტი დაგვემატა და 6 დღეს ჩვენთან შემოვიდა. უკვე 45 დადასტურებული პაციენტი გვყავს. ჩვენთან გატარებული პაციენტების რაოდენობამ 100 გადააჭარბა. 370-დან 100 გვყავს გატარებული. 100-დან ნახევარზე მეტი გამოჯანმრთელდა. 6 პაციენტიდან ერთია მოზარდი. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“.

მან ასევე ისაუბრა ინფექციური საავადმყოფოს გამტარუნარიანობაზე და განაცხადა, რომ საქართველოში ჰოსპიტალური სექტორი დღის განმავლობაში ათეულობით ახალი შემთხვევის მართვას შეძლებს. მთავარია, არ იყოს ასეულობით ახალი შემთხვევები.

„ჩვენ ვსაუბრობთ, რომ 370 პაციენტია. აქედან 80 გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულების შემატება საწოლებს ათავისუფლებს. ანუ 290 პაციენტზე მეტი ამ ეტაპზე არ არის. თუ არ მოემატება 30 შემთხვევაზე მეტი და პარალელურად ყოველდღიურად გაეწერებიან, პიკის პერიოდი შეიძლება ისე გადავიაროთ, რომ ეს 440 საწოლი, რომელიც პირველ ეტაპზეა, საკმარისი იყოს. თუ არადა, არის მეორე გეგმა, რომელზეც 3000-ზე მეტი საწოლია. ვფიქრობ, რესურსი ჯერჯერობით გვეყოფა. ასე თუ გაგრძელდა, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ათეულებისთვის რესურსი გვეყოფა. მთავარია, 100 არ გადავიდეთ. თუ ასობით არ იმატებს, რესურსი გვეყოფა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.