თუ აქცია დაიგეგმება, იქნება სამობილიზაციო აქცია 30 ოქტომბრის მე-2 ტურებისათვის - კობახიძე

პუბლიკა

„…ყველა საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, თუ რაიმე აქცია დაიგეგმება, ამაზეც გვქონდა მსჯელობა და ამასთან დაკავშირებითაც იქნება სრული მობილიზაცია“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოზურგეთში, პარტიის წევრებთან, აქტივისტებთან და მხარდამჭერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჟურნალისტები კობახიძეს ეკითხებოდნენ ოპოზიციის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე, სავარაუდოდ 28 ოქტომბერს, აქციის გამართვას გეგმავს.

ჟურნალისტი: – ვის უწყობთ და ვის წინააღმდეგ აწყობთ აქციას?

კობახიძე: – პირველ რიგში, რა თქმა უნდა, იქნება გამარჯვების აქცია, თუ ასეთი დაიგეგმება.

ჟურნალისტი: – 28-ში?

კობახიძე: – ხო, 2 ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა აღვნიშნოთ. და ასევე, ეს იქნება სამობილიზაციო აქცია 30 ოქტომბრის მე-2 ტურებისათვის – ანუ ეს არის საარჩევნო ღინისძიება, თუ ასეთი დაიგეგმება.

როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, როდესაც პარტიაში საბოლოო პოზიციაზე ჩამოყალიბდებიან, ამის შემდეგ ექნებათ კოორდინაცია ყველა საარჩევნო შტაბთან.


პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ „ენმ“-ის მიერ გამართული აქციის მეორე დღეს განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე აქციის გამართვას გეგმავს.