„პოლიცია ხეობას დატოვებს იმ შემთხვევაში, თუ აქტივისტები საჯაროდ დადებენ პირობას, რომ კომპანიის მუშაობას ხელს არ შეუშლიან”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, შეკითხვის პასუხად – როდის დატოვებს პოლიცია რიონის ხეობას, სადაც უკვე რამდენიმე თვეა, მოქალაქეები ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.
„როგორც კი ჩვენ გვექნება თუნდაც წინასწარი საჯარო დაპირება აქტივისტებისგან, რომ ისინი მშვიდობიანად განაგრძობენ პროტესტს და არ მოხდება კომპანიისთვის ხელის შეშლა, არ მოხდება ზეწოლა იქ თანამშრომლებზე, არ მოხდება დაზიანება კომპანიის აქტივების იმიტომ, რომ იქ არის საწყობი, ბევრი მასალა, მათ შორის აალებადი მასალა, საწვავი და ასე შემდეგ. თუ გვექნება ჩვენ გარანტიები, რომ ეს პასუხისმგებლობა იქნება გადანაწილებული, რა თქმა უნდა, ეს საკითხი მყისიერად გადაწყდება. მაგრამ ამაზე საჯაროდ უნდა ითქვას და სხვათა შორის, ეს არის ასახული იმ ოქმში, რაც გამოქვეყნდა“, – განაცხადა თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ 12 ივნისს, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს, ხელისუფლებასა და ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე მკაფიოდ ითქვა, რომ პოლიციის ქმედებები დამოკიდებული უნდა იყოს მათ შორის იმ ანალიზზე, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება გარემო:
„იქ ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ პოლიციის ქმედებები დამოკიდებული უნდა იყოს მათ შორის იმ ანალიზზე, თუ რამდენად უსაფრთხო იქნება გარემო. მინდა გითხრათ, რომ პოლიციას ნამდვილად არ უხარია და არ სიამოვნებს დამატებითი ძალებით ყოფნა, მერწმუნეთ. პოლიციის იქ ყოფნის ერთადერთი ამოცანა არის ის, რომ იყოს მშვიდობა, არ მოხდეს რაღაც კონფლიქტი სხვადასხვა მხარეს შორის იმიტომ, რომ იყო ამის სამწუხარო მაგალითები. აქედან გამომდინარე“, – აღნიშნა მინისტრმა.
რიონის ხეობის მცველების შეხვედრა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლებთან შაბათს, 12 ივნისს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მედიაციის დასაწყებად წამოყენებულ რამდენიმე წინაპირობაზე პასუხი გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა პარასკევამდე უნდა განაცხადონ. საუბარია ბარიკადების აღებაზე, ხეობიდან პოლიციის გასვლასა და პროტესტის ნამოხვანში დაბრუნებაზე.
გუმათჰესთან პოლიციას რკინის ბარიკადები 2 თვეა რაც აღმართული აქვს და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებს უზღუდავს სოფელ ნამოხვანისკენ გადაადგილებას. „რიონის ხეობის მცველებს“ კი გზა 7 ადგილას აქვს გადაკეტილი და გადაადგილებას უზღუდავს მხოლოდ კომპანია ENKA-ს მანქანებს.