“ჩემთვისაც თანაბრად მიუღებელია ბევრი ძალა, ვისთანაც კოორდინირებას ვახდენ ოპოზიციის შიგნით. ოპოზიციის შიგნით ელისაშვილი თანაბრად მიუღებელია ჩემთვის, როგორც სხვა ძალა. ბევრი საკითხის გამო. მაგრამ, თუ გვინდა ივანიშვილისთვის მოგება და თუ გვინდა კოალიციური მთავრობა, როგორ აპირებს აბა ამას?
50%-ზე მეტს მიიღებს? ვის ატყუებს ახლა? აბა ივანიშვილს დაუტოვებს ხელისუფლებას? ანუ ოპოზიციურ კოალიციას მთავრობას არ შეაქმნევინებს? ეგ არის ივანიშვილის სამსახური”, – განაცხადა ბოკერიამ „მთავარი არხის” ეთერში ალეკო ელისაშილზე.
ბოკერიას თქმით, ოპოზიციასთან ერთად კოალიციური მთავრობის შექმნაზე ელისაშვილის უარი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისთვის არის სასარგებლო.
„50%-ის აღების იმედი ხომ არ აქვს ელისაშვილს. ეგეთი ბრიყვი ხომ არ არის? საკმაოდ პოლიტიკურად ბრიყვი აღმოჩნდა უკვე, მაგრამ ეგეთი ბრიყვი არ არის. თვითონ კენჭიც იყარა, აიღო 15 თუ 16% . მისმა კანდიდატმა იოსელიანმა მთაწმინდაზე აიღო 6%, სადაც შალვა შავგულიძემ 40% აიღო.
ვინმეს შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ, მათ ამომრჩეველს ყველას პატივს ვცემ. მაგრამ, თუ შენ იძახი, რომ არ შეუქმნი კოალიციას ჭრელ ოპოზიციურ ძალებს, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავდება, აბა როგორ უნდა მოუგო ივანიშვილს? როცა ყველამ იცის რომ შენ მარტო უმრავლესობაში ვერ მოხვალ. ანუ, იტყუები”, – განაცხადა ბოკერიამ.
ბოკერიას თქმით, ელისაშვილს ითხოვდა, რომ ოპოზიციას მთაწმინდაზე ლევან იოსელიანი დაეყენებინა საერთო მაჟორიტარ კანდიდატად, შეთავაზებაზე უარის მიღების შემდეგ კი ოპოზიციური ერთობა დატოვა.
„პირადად ჩემთან და დავით ბაქრაძესთან ჰქონდა მოლაპარაკება. მოითხოვდა 2 ადგილი მომეცით და შემოვდივარ შეთანხმებაშიო. იოსელიანი დააყენეთ მთაწმინდაზეო, სადაც ამ კანდიდატმა აიღო 6%. და ეს კაცი ახლა გამოვიდა და იმიტომ, რომ უარი ვუთხარით იოსელიანზე, ამოიჩემა შალვა შავგულიძე, ურტყტამს ამ კაცს და ურტყამს საერთოდ შეთანხმების იდეას”, – განაცხადა ბოკერიამ.
ოპოზიციური პარტიების ერთობის დატოვების შემდგომ ალეკო ელისაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრ ანა დოლიძესთან და „ქართული ოცნების” ყოფილ დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პლატფორმა შექმნა.
ელისაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტიად რეგისტრაციის შემთხვევაში მის პოლიტიკურ პარტიას „მოქალაქე” ერქმევა. მისი თქმით, იგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური ერთობისგან დამოუკიდებლად მონაწილეობას გეგმავს.