თუ არა ექიმმებმა, მაშინ ვინ უნდა მისცეს მაგალითი დანარჩენ საზოგადოებას | ექიმები ვაქცინაციაზე

პუბლიკა

დღეს საქართველოში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, ვაქცინის პირველი დოზებით საქართველოში მედპერსონალი აიცრება.

ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობაზე და იმუნიზაციის სიკეთეებზე ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრეს დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ და ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის და მოხარული ვარ, რომ ექიმები მაგალითს ვაძლევთ მთელ საზოგადოებას. დღეს არის დასაწყისი კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლის გზაზე.

მე ვფიქრობ, რომ არცერთი ვაქცინა, რომელიც შემოტანილია, გაუხარჯავი არ დარჩება. ყველა ჩემი კოლეგა აიცრება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უსაფრთხოები ვართ ჩვენი პაციენტებისთვის, ოჯახის წევრებისთვის და საზოგადოებისთვის. თუ არა ექიმმებმა, მაშინ უნდა მისცეს მაგალითი დანარჩენ საზოგადოებას.

საზოგადოებამ შეიძლება გუშინ, გუშინწინ გაიცნო „ასტრაზენეკა“, მაგრამ ექიმმებმა დიდი ხანია ვიცით ამ კომპანიის შესახებ. ვიყენებთ მის გამოგონილ პრეპარატებს. ეს არის უსერიოზულესი ფამარცევტული კომპანია, გიგანტი“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აიცრა გუგა ქაშიბაძე და თავის რიგს ელოდება ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

„ვაქცინაციის პროცესი არის უსერიოზულესი ჯანდაცვის ინტერვენცია. რა განპირობებს ამას? ის უკეთდება არა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს ადამიანებისა, ეს არის ისეთი ინტერვენცია, რომელიც უტარდება მილიონობით ადამიანს უმოკლეს პერიოდში“, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

მისი თქმით, „ასტრაზენეკას“ ვაქციანსთან დაკავშირებით ავტორიტეტული ორგანიზაციების განცხადებები ცხადყოფს, რომ ვაქცინა უსაფრთხოა.

„ჯერჯერობით  სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ავრცელებს ევროპის წამლის სააგენტო და ბრიტანეთის უსერიოზულესი მარეგულირები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომ არცერთი წინასწარი დაკვირვებითი/შეფასებითი კვლევა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ რომელიმე დაავადება ან გვერდითი მოვლენა უფრო მეტია ვაქცინირებულებში, ვიდრე არავაქცინირებულ ადამიანებში. ამიტომ შესაბამისად ეძლევა რეკომენდაცია, რომ ამ ვაქცინას აქვს მეტი სარგებელი და გადაწონის ყველა შესაძლო რისკს, რაც შეიძლება იყოს მასთან დაკავშირებული“, – განცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

———————————————————————————

ვაქცინა საქართველოში 13 მარტს ჩამოვიდა. საქართველომ COVAX-პლატფორმის საშუალებით AstraZeneca/Oxford ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა მიიღო, რომელიც დამზადებულია AstraZeneca-SKBio (კორეის რესპუბლიკა) მიერ.

შაბათ-კვირის განმავლობაში ვაქცინა რაიონებში გადანაწილდა. ვაქცინაციის პროცესის დაწყება დაგეგმილია 15 მარტიდან. ვაქცინაციის გეგმის მიხედვით ვაქცინაციისთვის შერჩეულია  82 დაწესებულება. პრიორიტეტული ჯგუფებიდან პირველები სამედიცინო მუშაკები აიცრებიან.

„ვაქცინა კეთდება ორჯერადად, რევაქცინაცია იქნება რვიდან 12 კვირის ფარგლებში. ამისთვის, შესაბამისი დადასტურებაა უკვე, რომ 86 000 დოზა შემოვა აპრილის მეორე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

არსებული ინფორმაციით, უახლოეს კვირებში საქართველო მიიღებს AstraZeneca-ს ვაქცინის 129 600 დოზას და ასევე Pfizer-ის 29 250 დოზას.