თუ ასე გადაწყვეტენ, ხალხმა შეიძლება დასვას კითხვა, დსთ-ში შევიდეთ თუ ნეიტრალიტეტი გამოვაცხადოთ - სუბარი

პუბლიკა

თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს არა მხოლოდ გაუგებარი, არამედ არასამართლიანიც იქნება. მაშინ შეიძლება ქართველმა ხალხმა მართლაც დასვას კითხვა, რა ვქნათ – დსთ-ში შევიდეთ იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ როგორც ამას მოლდოვას ჰპირდებიან თუ მოლდოვას მსგავსად ნეიტრალური სტატუსი გამოვაცხადოთ?“ – „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ასეთი შეკითხვით ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატი სოზარ სუბარი ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი შესაძლოა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭონ, საქართველო კი – არა.

მისივე თქმით, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე გაცილებით წინ დგას.

„თუ საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირის წევრობა გარკვეული რეფორმების გატარებას და კრიტერიუმების დაკმაყოფილებას მოითხოვს, მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ამ კრიტერიუმებით გაცილებით წინ დგას, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღებას ომის გაჩერება შეუძლია, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერდი, რომ სტატუსი უკრაინამ პირველ რიგში მიიღოს, თუმცა არ მგონია, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება ომის შეჩერების წინაპირობა იყოს. ხოლო თუ ამის წინაპირობა არ არის, საქართველოს გამორჩევა სწორი არ იქნებოდა. მე ჩვენი მეგობრებისგან – უკრაინელებისგან და მოლდოველებისგან ველი, რომ როგორც ჩვენ ვამბობთ, რომ სტატუსი სამივემ ერთად უნდა მივიღოთ, მათაც იგივე პოზიცია ჰქონდეთ“, – განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ამოცანა ევროკავშირში გაწევრიანებაა, ეს საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწერა და ერთადერთი პარტია, რომელმაც ამ ჩანაწერს ხმა მისცა, არის „ქართული ოცნება“.


მოლდოვის რესპუბლიკა დსთ-ის წევრია, ასევე კონსტიტუციით გამოცხადებული აქვს ნეიტრალიტეტი.