ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც 11 მარტს სასამართლო დარბაზში დააკავეს, „ფორმულასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სამხილები აქვს და იღებს მუქარებს. ტელეკომპანია იუწყება, რომ ინტერვიუ დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერეს. ჩიკვაიძეს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ედავებიან.
ინტერვიუში ჩიკვაიძე იხსენებს 2 შემთხვევას, როცა მისი და „ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გზები გაიყო.
„პირველი ნაწილი იყო ოლეგ დერიპასკა, რუსი სანქცირებული ოლიგარქი, როცა მისმა იახტამ შეასწრო თურქეთში, ნეიტრალურ წყლებში. ის სანქცირებაზე იყო გადაცემული პირველი დავალება იყო, რომ ჩვენ გაგვეყალბებინა საბუთები, რადგან სხვა დროში ეს ვერ მოესწრებოდა და უნდა შეგვეცვალა მისთვის – ქართული საზღვაო დროშა უნდა დაგვეყენებინა ოფშორის დროშის ნაცვლად, რაც მისცემდა მათ საშუალებას, რომ საქართველოში შემოსულიყვნენ დროულად და თავი აერიდებინათ [სანქციებისთვის], მერე გავიდოდნენ სოჭში. ახლა ძალიან მოკლედ ვყვები, იმიტომ რომ დიდი ისტორიაა. ეს იყო პირველი უარი.
მეორე უარი ეხება უშუალოდ რუსეთის დაზვერვის თანამშრომელ ანდრეი გრუშანოვს, რომელიც, ბიძინა ივანიშვილის მენტორია, გარკვეულწილად, ჩემი აზრით. რა ურთიერთობაც მე მომიწია მასთან იმ პერიოდში, როდესაც ივანიშვილმა იახტა გაუგზავნა საჩუქრად, ჩემი ხელით, გავიცანი ისიც და მისი მეუღლეც. მისი მეუღლე დაკავებულია მაგიით და ემსახურება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მის შელოცვებს და ა.შ. ამ ქალის მეუღლე გახლავთ რუსეთის დაზვერვის თანამშრომელი. ეს ადამიანები საქართველოში არიან უკვე დაახლოებით მე-8 თვეა და ჩემი ინფორმაციით, ხელმძღვანელობენ აი, მთელ ამ პროცესებს, რაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს ანტიევროპული მიმართულებით“, – ამბობს ჩიკვაიძე.
ჩიკვაიძე ვარაუდობს, რომ რუსულ სპეცსამსახურებს, ფაქტობრივად, 100%-იანი წვდომა აქვთ ქართულ სტრუქტურებზე და ეს პროცესი განსაკუთრებით ბოლო ორი წილის განმავლობაში გააქტიურდა.
„მე ვფიქრობ, რომ ავდგე და ყველაფრის გასაჯაროება [დავიწყო], ძირითადი გასაჯაროებული მაქვს, შეიძლება აქ იყოს საუბარი 2-3 ინფორმაციაზე, რომელიც მათ განსაკუთრებით აღელვებთ, მე არ ვიცი, ხვალ ციხეში რას მიზამენ. ეს ყველაფერი ჩვენ გავლილი გვაქვს საქართველოს გარეთ, არაერთ გავლენიან ინფორმაციის გამავრცელებელ ადამიანებთანაც და ნაწილობრივ, გარკვეული დიპლომატიური სტატუსის მქონეებთანაც, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან სწორი მიდგომა. იმიტომ, რომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ რუსული დიქტატურის პირობებში, სადაც გამორიცხული არაფერი არ არის. მე არ მინდა ვიყო პირველი მსხვერპლი, როგორიც ვლადიმერ პუტინს სჩვევია და ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვიდე“, – ამბობს ჩიკვაიძე.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, იღებს თუ არა ასეთ მძიმე მუქარებს, ის პასუხობს, რომ დიახ, „კიდევ სხვა ინფორმაციაც გვაქვს, რასაც აპირებენ ციხეში ჩვენთან დაკავშირებით და მინდა, რომ ეს რაღაცნაირად საზოგადოებამ იცოდეს“.
ჩიკვაიძე ამტკიცებს, რომ აქვს საკმაოდ მყარი მტკიცებულებები, ძირითადად აუდიოჩანაწერები, მათ შორის – სატელეფონო. საუბარია დოკუმენტაციაზე, „რომელიც მათ უბრალოდ ვერ წარმოუდგენიათ, საიდან შეიძლებოდა ეს დოკუმენტაცია ჩემს ხელში მოხვედრილიყო და ვერც ვერასოდეს წარმოიდგენენ“. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, გაცემული აქვს მითითება, იმავე დღეს ყველაფერი გამოქვეყნდეს.
„თუ მოხდება ისე, რომ ჩვენ, მე ყოველ შემთხვევაში სიცოცხლეს მომისწრაფებენ, უახლოეს ერთ საათში ეს ინფორმაცია, არა მარტო საქართველოში, ჯერ საზღვარგარეთ და შემდეგ საქართველოში გახდება ცნობილი. […] მათ მე იქიდან ვერსად გავექცევი, იქ დაიწყება ზეწოლის სხვადასხვა ფორმა, დაკითხვა, თუ რა ინფორმაციაზეა საუბარი, შემდეგ აწონ-დაწონიან ამას და იქ ვფიქრობ, წავა უკვე იძულებითი ვაჭრობა ამ თემასთან დაკავშირებით“, – ამბობს ჩიკვაიძე.
მისი თქმით, დღეს არ აქვეყნებს ჩანაწერებს, რადგან ეს მისთვის თავდაცვის მექანიზმია და მის უსაფრთხოებას არაფერი აღარ გაამყარებს. ჩიკვაიძის მტკიცებით, „ჩანაწერები ეხება ჩვენს ქვეყანას, იმას, რასაც ჩვენ დღეს ვუყურებთ, რაც მათ ბევრად წინასწარ იცოდნენ სრული დეტალიზაციით, თუ რა როგორ განვითარდებოდა, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ისინი საუბრობენ ოფშორის კანონზე, რომელიც ჯერ იდეაში არ არსებობდა“.
ჩიკვაიძის მტკიცებით, სისტემიდან უამრავი ადამიანი ცდილობს თავის გადარჩენას, რომლებიც სხვადასხვა დაწესებულებაში მიდიან და მიაქვთ გარკვეული ინფორმაციები.
„ჩვენც გვყავს რამდენიმე ასეთი ინფორმატორი, მათ შორის ძალოვან სტრუქტურაში, რომელიც პირდაპირ გვეუბნება, რას გეგმავენ ხოლმე ისინი ერთი დღით ადრე, ჩვენთან დაკავშირებით. იქ, სადაც ეს ყველაფერი იგეგმება, ყველანი ერთად არ სხედან, ზის რამდენიმე კაცი, მაგრამ ზუსტად ვიცით, როდესაც ჩვენ საკითხს განიხილავდნენ, იქ იყო გაჟღერებული ფრაზა – ამ დროს რომ შემოგვაკვდეს, მერე რა ვქნათ“, – ჰყვება ჩიკვაიძე.