თუ ეჭვი გაქვთ, ნუ ეზიარებით, რა აუცილებელია?! მერე ეზიარეთ - მეუფე ნიკოლოზი

პუბლიკა

„მე პირადად ასე მოვუწოდებდი მრევლს და ყველას, ვისაც ეს ეჭვი გაუჩნდება, რომ ნუ ეზიარებით, რა აუცილებელია?! დღეს ნუ ეზიარებით, ერთი კვირის მერე ეზიარეთ, ერთი თვის მერე ეზიარეთ, არა უშავს. ხალხი წლობით არ ეზიარებოდა გასულ დროს, ნუ რაღაცა ეპიდემიებიც იყო ასეთი”, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა „TV პირველის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, „ზიარება ძალიან აუცილებელი კი არ არის იმისთვის, რომ ეკლესიის წევრი იყო, შეიძლება იარო და არ ეზიარო, თუ ეჭვი გაქვს”.

შეკითხვაზე – საპატრიარქო ამ გადაწყვეტილებით იღებს თუ არა პასუხისმგებლობას საერთო კოვზით ზიარების შედეგად ვირუსის გავრცელების შემთხვევაში? – მეუფე ნიკოლოზი პასუხობს:

„აბსოლუტურად, გააზრებულად, მთელი შეგნებით. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს უფლებაც და ვალდებულებიც ვართ, რომ ეს პასუხისმგებლობა ჩვენს თავზე ავიღოთ. მე პირადად თქვენ წინაშე, ღვთის წინაშე, საზოგადოების წინაშე, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ამაზე – ჯერ ერთი, რომ არ მოხდება ეს, მაგრამ თუ მაინც რაღაცნაირი ეჭვი გაჩნდა, ეშმაკს არ სძინავს ახლა და დღეს ასე ვამბობ, შეიძლება ხვალ არ ვიცი, რაღაცა კვლევებმა რაღაცა გამოძიებამ მიიყვანოს ძიება იქამდე, რომ რაღაცნაირი ფორმით ეკლესიიდან გავრცელდა ეს, ასეთ შემთხვევაში, თუ ასეთი რამ მოხდა, და მაინცდამაინც ვიღაცამ რომელიღაც კონკრეტულ ბარძიმს დაადო ხელი, ნუღარ მივა და ნუღარ ეზიარება”. [სტილი დაცულია]

კითხვაზე – გვიანი ხომ არ იქნება, თუკი ასეთი რამ მოხდა? – მეუფე ნიკოლოზი პასუხობს, რომ „მორწმუნე ადამიანს რომ აუკრძალო ზიარება და ეკლესიაში სიარული, ეს ნიშანვს, რომ შენ მას დევნი” და მან რომის იმპერიაში ქრისტიანების დევნის მაგალითი მოიყვანა.

მან „TV პირველის” ეთერში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „ის, რომ ბარძიმიდან ზიარების შემდეგ ინფექცია გავრცელებულიყოს, ასეთი შემთხვევა საერთოდ მსოფლიოში არ გაუგია”.

„იყო ასეთი შემთხვევები, რომ ხატიდან ვრცელდებოდა ეპიდემია. ერთი-ორი შემთხვევა იყო ასეთი ისტორიაში, იმიტომ რომ ღმერთი განრისხებული იყო ადამიანებზე და ასეთნაირად დასაჯა” – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

დღეს, 20 მარტს ზიარების წესთან დაკავშირებით სინოდის სხდომა გაიმართა. სინოდის განჩინებით, ზიარების წესში ცვლილებები არ იქნება, დასაშვები იქნება ზიარების შემდეგ მცირე რაოდენობის დასაყოლებელი სასმელის მიღება სხვადასხვა ჭურჭლით.