„თუ ერთად არ ვიქნებით, შეიძლება, ცალ-ცალკე შეცდომა დავუშვათ" | ზურა ნიჟარაძის სოლიდარობა

პუბლიკა

ზურა ნიჟარაძე, სვანეთში „ხუდონჰესისა” და „ნენსკრა ჰესის” მოწინააღმდეგე ადგილობრივი აქტივისტი დღეს ქუთაისში, ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ჩავიდა და მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ის „პუბლიკასთან” საუბრისას სოლიდარობის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„ენგურის ხეობაშიც იგივე პრობლემებია, იგივე პრობლემებია რიონის ხეობაში, ქვემო სვანეთში, დარიალის ხეობაში, ასევე ხადორის ჰესზე. თუ ჩვენ ერთად არ ვიქნებით, თუ ერთად არ გავუმკლავდებით ამ ყველაფერს, შეიძლება, შეცდომა ცალ-ცალკე დავუშვათ და შეიძლება, შედეგიც ერთად მივიღოთ. 

მე ვფიქრობ, რომ ხალხთან შეუთანხმებლად ასეთი საკითხები არ უნდა წყდებოდეს. ეს უნდა წყდებოდეს ერთობლივად… ხელისუფლება ისე დგამს ნაბიჯებს, ხალხს არაფერს ეკითხება და რომ გამწვავდება სიტუაცია, მაშინ მიდიან მოსახლეობასთან…

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც „ნამახვანზე” ხდება, ეს არის ძალიან დიდი გადაცდომა, რომ ხელისუფლება ხალხს არ დაეკითხა ასეთ ნაბიჯებს რომ დგამდა.

ასეთი გადაწყვეტილებების მიღება უნდა ხდებოდეს საერთო სახალხო რეფერენდუმის ან პლებისციტის გზით და ჩვენ უნდა მივაღწიოთ ამას, თორემ სულ ასე მოგვიწევს ციყვივით სირბილი. დღეს იქნება ნამოხვანი, ხვალ იქნება „ხუდონი”, ზეგ იქნება „ნენკრა”, მერე იქნება ხადორი, ქვემო სვანეთი და ა.შ.”, – განაცხადა ნიჟარაძემ „პუბლიკასთან” საუბრისას.