თუ გაინტერესებთ ამ კონფერენციის ისტორია, აშშ-ის ელჩს ჰკითხეთ - პაპუაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში დაგეგმილი კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. კონფერენცია ანტიდასავლური და ჰომოფობიური შინაარსით გამოირჩევა და 4-5 მაისს ბუდაპეშტში გაიმართება.

ამ კონფერენციაში ირაკლი ღარიბაშილის მონაწილეობის შესახებ შეკითხვები დაუსვეს ჟურნალისტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს. მან თქვა, რომ მთავრობა ყველა პლატფორმას და ფორუმს იყენებს უცხოელ კოლეგებთან კომუნიკაციისთვის.

მან ასევე თქვა, რომ  მუშაობა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან მმოშვნელოვანია, მათ შრის უნგრეთთან.

„როგორც იცით, ეს კონფერენცია არის ამერიკელ კონსერვატორთა კავშირის მიერ ორგანიზებული კონფერენცია. მე გირჩევდით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ჰკითხოთ, არის თუ არა ეს ფაშისტური ორგანიზაცია, როგორც თქვენ ამას უწოდებთ. თქვენ რეიგანს, ბუშს, დონალდ ტრამპს უწოდებთ ფაშისტ პრეზიდენტებს? ეს არის… ისინი იყვნენ მონაწილეები და მათ შორის, რონალდ რეიგანი დამფუძნებელ კონფერენციაზე გამოვიდა სწორედ ამ კონფერენციის.

ამიტომ, გირჩევდით, თუ გაინტერესებთ ამ კონფერენციის ისტორია და მისი პოზიციები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო წარმოდგენილია საქართველოში და კითხოთ, რამდენად თვლის საელჩო, რომ ეს კონფერენცია ან ანტი-დასავლურია, ან ფაშისტური, ან რავიცი …

რაც შეეხება ამ ღონისძიებას, ეს გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, ამერიკელ კონსერვატორების მიერ ორგანიზებული, სადაც მიწვეულია საქართველოს პრემიერ- მინისტრი. ჩვენ ვიყენებთ ყველა ფორმას და ფორუმს იმისთვის, რომ გვქონდეს კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. ეს არის საშუალება, რომ მხარდაჭერა ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის მივიღოთ. მათ შორის, უნგრეთის, თუ სხვა ქვეყნების მხრიდან, ამიტომ მუშაობა ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან არის მნიშვნელოვანი და ამ მხრივ, უნგრეთის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის,  – თქვა მან.


კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია (CPAC) 1974 წელს აშშ-ში დაფუძნებული კონსერვატორთა ყოველწლიური ყრილობაა. სპიკერების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სოციალურ ქსელში განთავსებული ტექსტი კი ჰომოფობიურ შინაარსს შეიცავს.

კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობაზე ორგანიზაცია „The Center“, რომელიც უნგრული კვლევითი ინსტიტუტია და ამ კონფერენციის მასპინძელი. მათი ცნობით, ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში აქტივისტები და პოლიტიკოსები ვალდებული არიან პატივი სცენ უმრავლესობის ნებას.