თუ ჯანმრთელობა არის იმ დონეზე დაზიანებული, სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის დაინტერესებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ყოველდღიურად ეცნობიან ამის შესახებ სიახლეებს.

პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ სამედიცინო ექსპერტიზა დაადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა კრიტიკულია, მათ უნდა მიმართონ სასამართლოს, ხოლო სასამართლომ დამოუკიდებლობის ხარისხი ღირსეული გადაწყვეტილებით უნდა დაამტკიცოს.

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ [ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა] ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც მე ყოველდღიურად დიდ ყურადღებას ვაქცევ, იმიტომ, რომ ვთვლი, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის რეპუტაციისა და ჩვენი ღირსებისთვის.

ჩემი ადმინისტრაციიდან ხვდებიან რეგულარულად „ემპათიის“ თუ სხვა კონსილიუმს, დღესაცაა ჩანიშნული ასეთი შეხვედრა.

მიმაჩნია, რომ ყველაზე სწორი გზა არის და ეს არაერთხელ მითქვამს, საზღვარგარეთაც მითქვამს. დახურულ შეხვედრებზეც, რომ სწორი გზა არის, თუ ჯანმრთელობა არის იმ დონეზე დაზიანებული და ეს მე არ ვიცი, არ მაქვს ეს ინფორმაცია და არც ვარ ექსპერტი, დასკვნა სხვებმა უნდა დადონ და დასკვნა უნდა წარუდგინონ სასამართლოს  და სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება.

ეს გადაწყვეტს ორი მიმართულებით პრობლემას – ერთი, ჯანმრთელობის, თუ ამ დონეზე არის დაზიანებული მისი ჯანრმთელობა და მეორე საკითხსაც გადაწყვეტს, რომ ამით სასამართლო მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ისაა დამოუკიდებელი, რაც ქვეყნისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია და ამის სურვილი მაქვს რომ დაგვიმტკიცოს სასამართლომ, თუკი დაიდება დასკვნა, რომელიც ამას მოითხოვს და ეს არის ვექილების  ვალდებულება ალბათ, რომ შეიტანონ სასამართლოში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

დამაზუსტებელ შეკითხვაზე, რეალურია თუ არა ის, რომ თუ იქნება დასკვნა, რომელიც დაადასტურებს სააკაშვილის ჯანმრთელობის კრიტიკულ მდგომარეობას, მოხდეს მისი გადაყვანა, პრეზიდენტი ამბობს, რომ არ არსებობს სხვა გზა.

„ეს არის სწორი გზა, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით არსებობს, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია კონსილიუმზე. მათი დასკვნა უნდა იყოს მკაფიო და ვექილების მიერ სასამართლოში წარდგენილი“, – განაცხადა მან.

LB loan image desktop LB loan image mobile