თუ ხალხმა ხელი არ გავანძრიეთ, მიშას აქვს ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი პირი - სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე მორიგი მიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, ამერიკის კონგრესში ყველა ეუბნება, რომ ძალიან უყვართ საქართველო, მაგრამ თუ ქართველ ხალხს არ სურთ თავისუფლება და დემოკრატიული სისტემა, ჩვენ ვერ ვუშველითო.

„თუ თქვენ თვითონ არ გინდათ თავისუფლება, ჩვენ რა შუაში ვართ? რას დადიხართ და რას გვეწუწუნებით აქ? მე ასე არ მეუბნებიან იმიტომ, რომ ძველი რაღაც რეპუტაცია შემრჩა, მაგრამ დაახლოებით ასე ჩანს, რომ გადმოვთარგმნოთ დიპლომატიური ენიდან“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ქართველმა ხალხმა ხელი არ გაანძრია, ვერც ამერიკა დანიშნავს სანქციებს და ვერც თვითონ შეცვლის ვერაფერს.

„ქართველმა ხალხმა უნდა თქვას – „ო, ამერიკელებმა თუ არ შემოიღეს სანქციები, არაფერი გვეშველება“ – თუ ხელი არ გავანძრიეთ, ამერიკელები არ შემოიღებენ სანქციებს; „მიშა თუ არ ჩამოვა, არაფერი გვეშველება“, – მე, რა თქმა უნდა, შევასრულებ იმას, რაც ვთქვი, მაგრამ თუ ხელი არ გავანძრიეთ, მიშას აქვს ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი პირი. იმ პირსაც დააფარებენ 2 წუთში უპრობლემოდ. თუ ქართველმა ხალხმა ხელი არ გაანძრია, ვერც მიშა ვერაფერს უშველის. ამ ყველაფერს თავისი ლოგიკა აქვს. ამიტომ, ჩვენ დაგვრჩა რამდენიმე დღე იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.