თუ კონფერენციაზე მონაწილეობაა [მიზეზი], მაშინ არ ვიცი, ღირს თუ არა ასეთ ჯგუფში დარჩენა - სამხარაძე PES-ზე

პუბლიკა

„თუ ასეთი მიუღებელია იმ კონფერენციაში მონაწილეობა, მაშინ საერთოდ უნგრეთის ადგილი ევროკავშირში როგორ არის?”, – ასე აფასებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, „ევროპელი სოციალისტების” (PES) პარტიის განცხადებას.

„ჩვენთვის წარმოუდგენელია ის ფაქტი, რომ კონფერენციაში მონაწილეობისთვის, თან იმ კონფერენციაში, რომელიც ტარდება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში, რომელშიც თავის დროზე გამოდიოდნენ რეიგანი, ბუში და ა.შ  პარტიას, რომელიც არის დამკვირვებელი ევროპის სოციალისტებში, რაიმე სანქცია დაუწესდეს.

თუ ასეთი მიუღებელია იმ კონფერენციაში მონაწილეობა, მაშინ საერთოდ უნგრეთის ადგილი ევროკავშირში როგორ არის? ეს ხომ ევროკავშირის და NATO-ს წევრი ქვეყანაა და ამ ქვეყანაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩადის ოფიციალური ვიზიტით და ამ ოფიციალური ვიზიტისას მას აქვს შეხვედრა უნგრეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, აქვს ორმხრივ თანამშრომლობაზე საუბარი, აქვს საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე საუბარი და თუ ამის გამო შეიძლება ვინმემ რაღაც სანქცია დაგვადოს, ეს ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია.

ეს ყველაფერი გამოწვეული იყო კონფერენციაზე მონაწილეობით, შესაბამისად, კონფერენციაზე მონაწილეობა ვერ ან არ უნდა იყოს რაიმე ასეთი სანქციის განმაპირობებელი. თუ ეს ასეა და მართლა მარტო კონფერენციაში მონაწილეობაა, მაშინ არ ვიცი, საერთოდ ღირს თუ არა ასეთ ჯგუფში დარჩენა, თუ კონფერენციაში მონაწილეობას გიკრძალავს შენივე პოლიტიკური ჯგუფი“, – ამბობს ნიკოლოზ სამხარაძე.


„ევროპელი სოციალისტების” პარტიამ (PES) უნგრეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობის მიღება დაგმო. მათი განმარტებით, მიზეზი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრორუს ლიდერებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობა და პრორუსული ღირებულებების გაზიარებაა. ევროპული პარტია მომავალ სხდომაზე „ოცნებისთვის“ სტატუსის შეჩერებას განიხილავს.

ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში, კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციას ესწრება. კონფერენცია 4-5 მაისს მიმდინარეობს. გუშინ, 4 მაისს, ღარიბაშვილმა საკუთარ გამოსვლაში ჰომოფობიურ განცხადებებთან ერთად ანტიდასავლური შეთქმულების თეორიებიც გაავრცელა.