ოზურგეთში პრორუსული და ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნა იგეგმება. დღეს ოფისის სარემონტო სამუშაოების კადრებს „TV პირველი“ ავრცელებდა.
მათივე ცნობით, პარტიას ოზურგეთში ოფისის მოწესრიგებასა და ორგანიზებაში შემოქმედის ეპარქიის წევრი, მღვდელი ვახტანგ თოხაძე ეხმარება.
„ყველა ეროვნულ ძალას ვეხმარებით – ვასაძესაც, თარხან-მოურავსაც. მაგ ბიჭებსაც ვეხმარები“, – ეუბნება ვახტანგ თოხაძე ტელეკომპანიას.
შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები აცხადებს, რომ თუ მამა ვახტანგი „ალტ-ინფოს“ მხარში ამოუდგება, მღვდლობა შეუჩერდება, – ამის შესახებ მან „TV პირველისთვის“ ექსკლუზიურად მიცემულ კომენტარში აღნიშნა.
„თუ დადასტურდა ეს ინფორმაცია, რომელსაც მამა ვახტანგი უარყოფს, მღვდლობა შეუჩერდება. უკვე ვესაუბრე მას ამის შესახებ. თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება ოკუპანტ რუსეთთან დაკავშირებით, უკვე ბევრჯერ გავაკეთე განცხადება ამის შესახებ და თუ მამა ვახტანგი მხარში ამოუდგება ალტ.ინფოს საქმიანობას, აუცილებლად იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, მე მას ვესაუბრე და გავაფრთხილე სამღვდელოებასთან ერთად”, – აცხადებს მიტროპოლიტი „TV პირველთან”.
შემოქმედის ეპარქიამაც ერთ-ერთ პოსტზე Facebook-კომენტარის სახითაც აღნიშნა, რომ თუ დადასტურდება ეს ინფორმაცია [„ალტ-ინფოს“ დახმარება], მამა ვახტანგს შეუჩერდება მღვდლობა.