თუ მეორე ტალღა იქნება, შეიძლება, არჩევნები ოქტომბერში არ ჩატარდეს და იყოს, პირობითად, დეკემბერში - კობახიძე

პუბლიკა

„თუ მეორე ტალღა დადგა და დაემთხვა არჩევნებამდე პერიოდს, ამ შემთხვევაში, შეიძლება, აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ამაშიც არაფერია ტრაგიკული და თუ ეს მოხდა ოქტომბერში, ამ შემთხვევაში ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები, მაგრამ ჩატარდება, პირობითად, დეკემბერში და ეს არსებით საფრთხეს მაინც არ შეუქმნის კონკრეტულ პროცესს“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

კითხვაზე – ხომ არ განიხილება რაიმე წესის დადგენა? – კობახიძემ უპასუხა, რომ ამაზე მიმდინარეობს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და დაინტერესებულ სუბიექტებთან.

„ამაზე ჩვენ უკვე გვაქვს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და სხვა სუბიექტებთან, რომლებიც დაინტერესებული არიან ამ საკითხით. ეს არის ერთი საკითხი, მაგრამ შეიძლება, იყოს ვითარება, როდესაც ასეთი წესების დაცვამ, მაგალითად, საარჩევნო უბნებზე პირბადეების ტარებამ და იქ ანტისეპტიკების გამოყენებამ და ასე შემდეგ, ამანაც შესაძლოა, არ მოგვცეს არჩევნების ჩატარების საშუალება.

თუ აუცილებელი გახდება, პირობითად, ოქტომბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ეპიდემიის სამართავად, ამ შემთხვევაში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა, გაუქმდება რაღაც პერიოდში და იქედან 45-დან 60 დღემდე ვადაში ტარდება უკვე არჩევნები. ეს შეიძლება იყოს, დეკემბერი, შეიძლება იყოს იანვარი. პროგნოზებზე ვსაუბრობ კონსტიტუციიდან გამომდინარე, თუმცა კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ ეს არ მოხდება“, – განაცხადა  ირაკლი კობახიძემ.

კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები უნდა გაიმართოს 31 ოქტომბერს, მეორე ტური კი – სამ კვირაში.