თუ მიხეილ სააკაშვილი იპოვის ძალებს და ჩამოვა საქართველოში, მას საზღვარზევე ელოდება დაკავება - წულუკიანი

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას გამოეხმაურა. წულუკიანის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი იპოვის ძალებს და საქართველოში ჩამოვა, მას საზღვარზევე ელოდება დაკავება და საპატიმრო.

„ჩვენ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერი, რომლითაც ის ქართველ ხალხს მიმართავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუ ის იპოვის ძალებს და საქართველოში ჩამოვა, მას ელოდება დაკავების პროცედურა საზღვარზევე და რა თქმა უნდა, ქართული საპატიმრო, ვინაიდან ის არის ძებნილი და მის მიმართ დამდგარია არაერთი განაჩენი, რომელიც შეიძლება გადაისინჯოს, როდესაც საპატიმროში იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ უსაზღვროდ მადლიერია ქართველი ხალხის, რომელმაც ის ქართული სახელმწიფოს მშენებლობის წარმატებული ისტორიული პროცესის მონაწილედ აქცია.

„როდესაც საქართველოს ამბებს ვისმენ, ზუსტად ვხვდები და ვიცი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია, იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები!” – ამბობს ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილი.