„თუ პრემიერი არ შეხვდება მშობლებს, ვერ შეხვდება ვერავის“ - მშობლების აქცია კანცელარიასთან

პუბლიკა

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის კანცელარიასთან მორიგ აქციას მართავენ. ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ, რადგან ამბობენ, რომ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა უშედეგო იყო.

მშობლებმა წუხელ ღამე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაატარეს და ამბობენ, რომ არ აპირებენ პროტესტის შეჩერებას, სანამ სახელმწიფო არ დათანხმდება მათი შვილებისთვის სასიცოცხლო მედიკამენტის დაფინანსებას.

მშობლები ქვეყანაში მედიკამენტ „ვიზორიტიდის“ შემოტანას მოითხოვენ და სახელმწიფოს ამის დაფინანსებას სთხოვენ. მათი თქმით, ეს ახალი მედიკამენტია, რომელიც რეკომენდებულია სხვადასხვა ქვეყანაში და მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მშობლების თქმით, მედიკამენტის მიღება ეფექტურია 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ამიტომ როგორც ამბობენ, სახელმწიფოსგან საჭიროა დროული რეაგირება.

დღეს გამართულ აქციაზე მშობლებმა განაცხადეს, რომ ისინი კანცელარიის შესასვლელთან იდგებიან და პროტესტს არ შეწყვეტენ, სანამ ირაკლი ღარიბაშვილი მათ არ შეხვდება.

გუშინ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და მისი მოადგილე თამარ გაბუნია მშობლებს მეორედ შეხვდნენ. თუმცა, მშობლები ამბობენ, რომ შეხვედრა სრულიად უშედეგო იყო, მინისტრის დამოკიდებულება კი –  შეურაცხმყოფელი.

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თუ სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო  ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, მაშინ საქართველოც შეისყიდის წამალს.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მედიკამენტთან დაკავშირებით, მწირი ინფორმაციის გამო მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ფრთხილად ეკიდებიან აღნიშნულ საკითხს, რათა მაქსიმალურად გარანტირებული იყოს პაციენტის უსაფრთხოება.

„შესაბამისად, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნული წამლით მკურნალობა ამ ეტაპზე არ ფინანსდება. მედიკამენტის აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოსა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA)  მიერ ავტორიზაცია ეხება ქვეყნებში შეტანის და გაყიდვის უფლებას და არ გულისხმობს ავტომატურად ბიუჯეტიდან მედიკამენტის დაფინანსებას. მედიკამენტების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ ხდება და საკითხს დარგის სპეციალისტები, ექიმები და ექსპერტები ერთობლივი შეჯერების საფუძველზე განიხილავენ”, – ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში.

სამინისტროს ცნობით, პაციენტების მშობლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა უწყების მზადყოფნა, რომ ბავშვებს, რომლებსაც სხვა თანმდევი დაავადებები აქვთ, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ სახელმწიფო დაუფინანსებს.


23 მარტიდან მშობლები ჯანდაცვის სამინისტროში საპროტესტო აქციებს მართავდნენ. მშობლების პროტესტის შემდგომ ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეიქმნა აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი ჯგუფი, რომლის მიზანიც ამ იშვიათი დაავადების სამკურნალო სტრატეგიის ჩამოყალიბებაა.