თუ პრეზიდენტი გვარამიას შეიწყალებს, ეს მისი მხრიდან იქნება ინსტიტუტის შეურაცხყოფა - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი შეიწყალებს ნიკა გვარამიას, ეს სალომე ზურაბიშვილის მხრიდან იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა.

„თქვენ გახსოვთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებდა იგივე სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია, როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა. ეს იყო არა მარტო პირადად სალომე ზურაბიშვილის, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა. ასეთ პირობებში პრეზიდენტი თუ შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რაც არ მგონია, რომ სწორი იყოს“, – განაცხადა კობახიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, რომ ნიკა გვარამია შეიწყალოს და ასე გადადგას ნაბიჯი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისკენ.

დეკანოიძის მიმართვა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ოპოზიციის მხრიდან ასეთი მოწოდებები პირველად არ გვესმის. მათი უფლებაა, მიმართონ პრეზიდენტს და სასამართლოს. პრეზიდენტი გადაწყვეტილებას თავად მიიღებს“.


თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ორ ეპიზოდში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ კვლავ თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.