პანეტა: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მისი შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება

პუბლიკა

აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივნისა და დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორის, ლეონ პანეტას თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, მისი შემდეგი სამიზნე საქართველო იქნება. ამის შესახებ პანეტამ „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, ცხადია, თუ პუტინს არ შევაჩერებთ უკრაინაში, ის თავის აგრესიას გააგრძელებს არამხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ, არამედ ასევე NATO-ს წევრი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს ესაზღვრება. ასე რომ, სრულიად მნიშვნელოვანია, შეერთებულმა შტატებმა სცადოს, იმუშაოს საქართველოსთან იმისთვის, რომ უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება”, – ამბობს პანეტა.

შეკითხვაზე, თუ რა საფრთხეები ახლავს თან ჩინეთთან საქართველოს მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს, პანეტა ამბობს: „[პეკინთან ურთიერთობაში], საქართველომ ცხადი უნდა გახადოს, რომ ის უნდა დარჩეს სუვერენულ ძალად, რომელიც თავად განსაზღვრავს საკუთარ ბედს და არ მისცემს ჩინეთს საშუალებას, განსაზღვროს, რა მოხდება მომავალში“.

აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი აცხადებს, რომ საქართველოს „არ შეუძლია დაუშვას“, ჩინეთმა მასზე დომინირება მოიპოვოს.

ლეონ პანეტა, „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ასევე საუბრობს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მომავალზე.

„საქართველო ბევრი მიზეზით არის მნიშვნელოვანი ქვეყანა. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, საქართველოს შესახებ, არის ქართველი ხალხის უნარი, შეძლონ ისარგებლონ თავისუფლების უპირატესობებით“, – აცხადებს პანეტა.

ლეონ პანეტა აშშ-ის თავდაცვის 23-ე მდივანია და ის ამ თანამდებობას, 2011 წლის ივლისიდან, 2013 წლის თებერვლამდე იკავებდა. ამ თანამდებობაზე ყოფნისას, 2012 წელს, პანეტა ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფ ქართველ ჯარისკაცებს პირადად შეხვდა და გაწეული მსხვერპლისა და სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

ჰელმანდში, „შუკვანის“ სამხედრო ბაზაზე შეხვედრის გახსენებისას, თავდაცვის ყოფილი მდივანი ამბობს, რომ ქართველი ჯარისკაცები, საერთაშორისო მისიაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს შორის, განსაკუთრებული სიმამაცითა და პროფესიონალიზმით გამოირჩეოდნენ.

თავდაცვის მდივნობამდე, 2009 წლის თებერვლიდან, 2011 წლის ივნისამდე, პანეტა აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორის თანამდებობას იკავებდა.