თუ რადიკალური ოპოზიცია, ევროკავშირი და NGO-ები თანხმდებიან, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი არ არის მისაღები, არ მივიღებთ - კობახიძე

პუბლიკა

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, შესაძლოა, არც „ქართულმა ოცნებამ“ დააინიციიროს.

მმართველი გუნდის ლიდერი ირაკლი კობახიძე მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ თუ ევროკავშირი, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები თანხმდებიან იმაზე, რომ ამ კანონის მიღება საჭირო არ არის, უმრავლესობა ამ კანონს არ მიიღებს.

„თუ იქნება კონსენსუსი გარკვეული კანონპროექტის გარშემო, ჩვენ მივიღებთ კანონს. თუ იქნება კონსენსუსი კანონის არმიღების გარშემო, მაშინ არ მივიღებთ კანონს. გამოვიდნენ NGO-ები და თქვეს, რომ კანონი არ არის მისაღები, მერე ამას მოყვა შესაბამისი რადიკალური პარტიების განცხადება, რომ კანონი არ არის მისაღები, მანამდე კარლ ჰარცელმა თქვა, რომ კანონი არ არის მისაღები, იგივეს ამბობს რადიკალური ოპოზიცია და იგივეს ამბობენ რადიკალური NGO-ები. თუ სამი სუბიექტი – რადიკალური ოპოზიცია, ევროკავშირი და NGO-ები თანხმდებიან იმაზე, რომ დეოლიგარქიზაციის სფეროში კანონი არ არის მისაღები, არ მივიღებთ ამ კანონს. ჩვენ ხომ ევროკავშირის მოთხოვნებს ვასრულებთ? – თუ ევროკავშირიც ამ აზრზეა, რომ არ უნდა მივიღოთ კანონი, არ მივიღებთ. ისინი ამბობენ, რომ კანონი შეიძლება არ მივიღოთ, მაგრამ პირობა მაინც შესრულდეს“, – აცხადებს კობახიძე.

მმართველი გუნდის ხელმძღვანელის ვერსიით, „ვიღაცებს ამ კანონის შეეშინდათ.“

„გუშინ წამოცდენებიც ჰქონდათ. ისინი ამბობენ, რომ თუ მივიღებთ დეოლიგარქიზაციის კანონს, მაშინ ეს საფრთხეს შეუქმნის კონკრეტულ ოპოზიციონერ ლიდერებს. აღიარეს, რომ ოპოზიციაში ჰყავთ ოლიგარქი ლიდერები და ეს ყველამ იცის. კეზერაშვილი, ხაზარაძე არიან ჩვეულებრივ ოლიგარქები. მათ ბუნებრივია არ უნდათ, რომ საკუთარ ლიდერებს შეექმნათ საფრთხე.

არ ვიცი, თუ ყველა შევთანხმდებით იმაზე, რომ კეზერაშვილი უნდა იყოს ბოლომდე ჩართული პოლიტიკაში და არავითარი შეზღუდვა არ უნდა დაწესდეს მის მიმართ, რა თქმა უნდა, ეს შეგვიძლია გავიზიაროთ, ვნახოთ. არ ვიცი, როგორ უნდა შევუზღუდოთ კეზერაშვილს ან ტელევიზიის დაფინანსება, ან პარტიის, არ ვიცი, კანონის გარეშე ამას ვერ გავაკეთებთ, თუ თვითონ არ თქვა პოლიტიკაზე უარი“, – ამბობს კობახიძე.

ევროკომისიის 12 პუნქტზე საპარლამენტო ოპოზიციის საკანონმდებლო პაკეტი უკვე მომზადდა. 

„ოცნების“ ლიდერმა ამ პაკეტის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდი „19 აპრილის შეთანხმებაში“ დაბრუნებას არ აპირებს.

„19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია და ეს კარგად იციან მათ. რაც შეეხება საარჩევნო ბარიერის შემცირებას, წელს ამ ინიციატივას არ განვიხილავთ. შეიძლება განვიხილოთ გაისად, შეიძლება – 2024 წელს.

დეოლიგარქიზაციას რაც შეეხება, მათ ეშინიათ. ანტიკორუფციულს რაც შეეხება, გავამზადებთ კანონპროექტს, რომლითაც იქნება დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნა და ყველა ამ მიმართულებით გვექნება ჩვენი ინიციატივები და გავყვებით შესაბამის კანონპროექტებს“, – განაცხადა მან.