თუ სამართალი ვერ ვპოვე, ახალგაზრდებს ვთხოვ გაერთიანებას – ნიკო კვარაცხელიას დედა პრემიერს

პუბლიკა

„ნიკოს ოჯახი ერთი წლის განმავლობაში მოვუწოდებდით სინანულისკენ მკვლელებსაც, დამკვეთსაც და თანამონაწილესაც, საწყევარი და საძრახისი სიტყვაც არ დაგვცდენია და არც ახლა ვაპირებთ, მაგრამ თუ სამართალი ვერ ვპოვე ნიკოს სახელით ყველა ახალგაზრდას ვთხოვ გაერთიანებას, ვისთვისაც ეს ქვეყანა ძვირფასია, ვისაც აღელვებს მისი მომავალი და სამართალს მაინც ვიპოვი!!!“, – ერთი წლის წინ მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა  საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს.

„არსებობს უამრავი ოპერატიული მასალა, მოწმეთა და თანამზრახველთა ჩვენება, მაგრამ დღემდე საქმეს არ მიეცა სწორი მიმართულება, სამწუხაროდ. მკვლელობიდან თითქმის ექვსი-რვა თვის მერე დაიკითხნენ ის პირები, რომელთა სახელები უშუალოდ ფიგურირებს საქმეში!

ბატონო პრემიერო, გთხოვთ განადგურებული ხუთი შვილის დედა, ნუ გამომიყვანთ დედის ამპლუიდან, და მოუწოდეთ შესაბამის სტრუქტურებს, წლის თავზე მაინც დაერქვას ყველაფერს და ყველას თავის სახელი, მე, ნიკო კვარაცხელიას დედა, აუცილებლად ნიკოს სახელით გავაკეთებ ყველაფერს, რომ სხვისი შვილები არ აღმოჩნდნენ ჩემი ნიკოს დღეში, მკვლელები, დამკვეთები და თანამზრახველები არიან ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის საშიშნი, საშიში თქვენი, ჩვენი შვილებისთვის, მათი მომავლისთვის, ციხის კედლები კი, არის მათთვის გადარჩენის გზა, იქ უკეთ დაფიქრდებიან საკუთარ გაყიდულ სულზე!“, – წერს იზა ომაძე.

15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. აღნიშნულ საქმეზე თითქმის ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდება ჰქონდათ წაყენებული.