„თუ სამუშაო საათებია, წესით, საჯარო მოხელეები არ უნდა იყვნენ ჩართული“ - კობახიძე „შინ ევროპისკენ“ კამპანიაზე თავდასხმებზე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მან „შინ ევროპისკენ“ კამპანიის დროს თავდასხმების შესახებ განაცხადა, რომ საჯარო სამსახურის წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ ჩართული, თუ სამუშაო საათებია.

„საჯარო სამსახურის წარმომადგენლები, წესით, არ უნდა იყვნენ ჩართული ასეთ ღონისძიებებში, სამუშაო საათები თუ არის. რაც შეეხება სხვა ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ წალეკვის კამპანიას, მათი უფლებაა. ესეც დემოკრატიის ნაწილია – ვიღაცა აანონსებს ქვეყნის წალეკვას, ვიღაც ამას აპროტესტებს. ერთიც და მეორეც არის დემოკრატიის ნაწილი”, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

ის ამას აფასებს, როგორც საზოგადოების რეაქციას, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობა დაუშვებელია.


გუშინ საქართველოს სახალხო დამცველი გამოეხმაურა  „შინ ევროპისკენ“ მიერ წარმოებულ კამპანიაში მონაწილეების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებს.

„კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და მათ საქმიანობაში ხელის შეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, აღნიშნულს კი შესაძლოა მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობაზე და ემსახურებოდეს აგრესიისა და ძალადობის წაქეზებას”, – ამბობს სახალხო დამცველი.