„თუ შედეგი არ იქნება, მივმართავთ პროტესტის უფრო რადიკალურ ფორმებს" – ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი

პუბლიკა

თუ აღნიშნულმა ქმედებებმა შედეგი არ გამოიღო, მივმართავთ პროტესტის უფრო რადიკალურ ფორმებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ კვირის განმავლობაში ვაჟა ექიმის გათავისუფლების საკითხი სასიკეთოდ გადაწყდება და დაუბრუნდება ოჯახს”, – ამის შესახებ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათი თქმით, საქართველოს მთავრობისგან მეტად ქმედით ნაბიჯებს და უწყებათაშორისო საგანგებო საკოორდინაციო კომისიის შექმნას მოითხოვენ.

„ხვალ, 10 დეკემბერს იწყება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი და მონაწილე მხარეებს მოვუწოდებთ – მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა ბერკეტი ვაჟა ექიმის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.

ასევე ყველა მხარესთან მოლაპარაკებებში ჩაერთოს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი”, – აცხადებენ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები.

მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პირველივე დღიდან ჩართულია ვაჟა გაფრინდაშვილის განმათავისუფლებელ მოლაპარაკებებში, გვესმის სხვადასხვა თანამდებობის პირების დაპირებები, თუმცა ვაჟა ექიმი 1 თვის თავზეც კვლავ ტყვეობაში რჩება.

„ჟენევაში მოლაპარაკებების წინ მონაწილე მხარეებს მოვუწოდებთ, რომ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენონ. რომ იგრძნონ სრული პასუხისმგებლობა და პრობლემის სიმწვავე. ვაჟა განიხილონ არამხოლოდ მხოლოდ საქართველოს, არამედ როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის მოქალაქე, რათა მოხდეს შეთანხმება და უპირობოდ და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. მიუდგნენ როგორც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეს”, – აცხადებენ ისინი.


საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ის ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. პირველად ინფორმაცია  ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ 13 ნოემბერს გავრცელდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ის 9 ნოემბერს დააკავეს.