თუ შემთხვევათა მატება გაგრძელდება, შესაძლოა დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების საკითხი განვიხილოთ - ჩხაიძე

პუბლიკა

„თუ შემთხვევათა მატება ამ ტემპით გაგრძელდება, ალბათ, უახლოეს მომავალში შესაძლებელია დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების აუცილებლობის საკითხი განხილული იყოს“,- ამის შესახებ  მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

„ჯერჯერობით, ნიღბის ტარების ვალდებულებას საკოორდინაციო და იმუნიზაციის საბჭო სავარაუდოდ, არ გამოაცხადებს, რადგან ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ თუ ინფიცირების გაორმაგების ტენდენცია შენარჩუნდა, შესაძლებელია მომდევნო კვირების განმავლობაში ეს საკითხი იმუნიზაციის საბჭოზე განხილული იყოს“,- განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, ორი კვირის წინანდელ სტატისტიკასთან შედარებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ჯერ არის გაზრდილი.

„500-დან ავედით ჯერ 1200-მდე, ახლა 2500-მდე. პრაქტიკულად, 5-ჯერ არის მომატებული შემთხვევები ბოლო 2 კვირის განმავლობაში, რაც მართლაც მნიშვნელოვანი მატებაა. თუმცა თუ ციფრებს შევხედავთ, ჯერჯერობით ეს მატება საგანგაშო არ არის, კვირის განმავლობაში 2500 შემთხვევების რაოდენობის თვალსაზრისით საგანგაშო არ არის, მაგრამ მატების დინამიკის თვალსაზრისით ნამდვილად საგანგაშოა. 5-ჯერადი მატება ძალიან ბევრია და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა და ყოველ კვირას შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა, ალბათ, მოგვიწევს ყოველდღიურ სტატისტიკაზე გადასვლა და არა ყოველკვირეულზე, ვინაიდან ეს მაჩვენებელი მართლაც საგანგაშოა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.