დღეს, 7 თებერვალს „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა ექიმთა კონსილიუმმა, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა. ექიმების საერთო პოზიციაა, რომ რადგან მზია ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს, კლინიკაში უნდა დარჩეს.
„ამ მდგომარეობას აქვს საზღვარი, ოღონდ ეს საზღვარი სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვანაირია. რაღაც დროის შემდეგ ორგანიზმში ისეთი ცვლილებები მიდის, რომ ეს მიხმარება გარედან, რაც სრულიად ადეკვატურად ხდება დღესდღეობით, აღარ იქნება საკმარისი. ადამიანი არ არის მექანიზმი ისეთი მარტივი, რომ აი რაღაც დააკლდა, შეავსო და მერე იმან იმუშაოს, კი შევავსებთ ყველაფერს, მაგრამ შემდეგ შეიძლება ისეთი ძვრები განვითარდეს რომ ის ვეღარ დავიჭიროთ. მონიტორინგი ყოველდღეა საჭირო. რაღაც ნიშნები რომ გამოჩნდება, მერე შეიძლება პროგნოზირება, აი დღეს დავუშვათ რაღაც მაჩვენებლები, ამის, იმის, კალიუმის, ცილის, შარდმჟავა და ასე შემდეგ, დაუშვათ დღეს კარგად არის, ეს ყოველ საათობრივად, აი ხვალ შეიძლება სხვანაირი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ვმკურნალობთ. ამიტომ მგონია და ჰგონიათ ჩემ კოლეგებსაც, რომ თუ შიმშილობას ვაგრძელებთ და ეს არის მისი გადაწყვეტილება მოქალაქეობრივი, უნდა გავაგრძელოთ ალბათ კლინიკის პირობებში, სადაც ამის მეთვალყურეობა შესაძლებელია“, – თქვა მედიასთან გასტროენტეროლოგმა გიორგი გვილიამ.
იმ პოზიციას, რომ მზია ამაღლობელი კლინიკაში უნდა დარჩეს, იზიარებს ენდოკრინოლოგი ელენე გიორგაძეც, მისი თქმით, მიზა ამაღლობელს სურს ციხეში დააბრუნონ.
„ცუდი ამბავი ის არის, რომ უნდა აუცილებლად დაბრუნება დაწესებულებაში, რაც არ არის მიზანშეწონილი იმიტომ, რომ რაც არ ვთხოვეთ და არ ვუთხარით, ექიმი ვალდებულია უთხრას, რომ შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, ყველა ასრულებს თავის სპეციალობას, ექიმმა პირველ რიგში, უნდა იზრუნოს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამიტომ, ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი, ცოტა კატეგორიულად ვიტყვი, მაგრამ კატეგორიულად ვითხოვ, რომ შიმშილო შეწყვიტო. არ შეწყვეტს შიმშილს, ეს გასაგებია, მაგრამ თუ შიმშილს არ შეწყვეტს, უნდა იყოს ამ დაწესებულებაში, კონტროლის ქვეშ, იმიტომ, რომ მაშინ ექიმები მოასწრებენ ეგრევე რეაგირებას, რომ შევუნარჩუნოთ არა მარტო სიცოცხლე, რომ ინვალიდიც არ გაგვიხდეს მომავალში“, – ამბობს ენდოკრინოლოგი.
ომბუდსმენის ოფისის ცნობით, ექიმთა ჯგუფი განისაზღვრა მზია ამაღლობელის წარმომადგენლების მიერ დასახელებული კანდიდატებიდან, მათთან კონსულტაციითა და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის პრობლემების გათვალისწინებით, შემდეგი შემადგენლობით:
- ელენე გიორგაძე – ენდოკრინოლოგია, ნუტრიციოლოგია, ბავშვთა ენდოკრინოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია
- გიორგი გვილია – გასტროენტეროლოგია, კარდიოლოგია, შინაგანი სნეულებები
- გიორგი ჯავრიშვილი – ოფთალმოლოგია
- ალექსანდრე ცისკარიძე – ნევროლოგი.
მზია ამაღლობელი კლინიკაში 4 თებერვალს გადაიყვანეს კვლევების ჩასატარებლად.
„ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 26-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 1
1 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.
15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე. ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.