თუ სოცქსელში არსებულ აგრესიას ცხოვრებაში გადმოვიტანთ, სამოქალაქო დაპირისპირებას მივიღებთ - იოსელიანი ბერძენიშვილზე

პუბლიკა

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

იოსელიანი წერს, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმა. მისი თქმით, თუ სოციალურ ქსელებში არსებულ აგრესიას ცხოვრებაში გადმოვიტანთ, მივიღებთ სამოქალაქო დაპირისპირებას.

„დემოკრატია გულისხმობს იმ ადამიანების ერთობლივ მშვიდობიან თანაცხოვრებას ვისაც განსხვავებილი აზრები გააჩნიათ. აგრესიას, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში არსებობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის, თუ ცხოვრებაში გადმოვიტანთ აუცილებლად მივიღებთ სამოქალაქო დაპირისპირებას, რაც ჩვენმა სამშობლომ ერთხელ უკვე იწვნია და რომლის შედეგებსაც დღესაც მწარედ ვიმკით”, – წერს იოსელიანი და სამართალდამცველებს მოუწოდებს მყისიერი რეაგირებისკენ.

„მოვუწოდებ სამართალდამცავებს მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება შესაძლო ძალადობის ფაქტზე”, – წერს ის.

დღეს ლევან ბერძენიშვილს ქუჩაში თავს დაესხნენ და მოღალატე ეძახეს. ეს არ ყოფილა ბერძენიშვილზე თავდასხმის პირველი შემთხვევა. „ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ ჩვენ. კვერცხი მე არ მომხვედრია, მანქანას მოხვდა“, – უთხრა ბერძენიშვილმა „პუბლიკას“.