თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, დავიწყებთ სამმხრივ შეხვედრებს საქართველოში - ალიევი

პუბლიკა

„თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, ჩვენ მყისიერად დავიწყებთ, შესაბამისი უწყებების საშუალებით, ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს აქ, საქართველოში“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა საქართველოში ვიზიტის დროს.

„გასულ თვეს აღვადგინეთ მთელი ქვეყნის სუვერენიტეტი და დღეს ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ სამშვიდობო შეთანხმებაზე სომხეთთან. იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ და ასე ჩვენ შევქმნით პოლიტიკურ გარემოს და სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში, სადაც სამმხრივი თანამშრომლობა წარიმართება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობით.

ეს იქნება წარმატებული თანამშრომლობა ენერგეტიკის, ვაჭრობის, საინვესტიციო და ბევრი სხვა მიმართულებით. ეს შესაძლებელია. ეს შესაძლებლობა გვაკლდა, მეგობრებო, იმიტომ, რომ აზერბაიჯანი წლების განმავლობაში ოკუპირებული იყო.

რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია არ გვაძლევდა საშუალებას, რომ ნორმალიზებისკენ გადაგვედგა ნაბიჯები, მაგრამ დადგა დრო, მოგვეცა მომენტი, რომ არ დავკარგოთ ეს შესაძლებლობა. როგორც მოგეხსენებათ, დღეს რამდენიმე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაციაც არიან ფასილიტატორების როლში ნორმალიზაციის პროცესში. საქართველოსა და აზერბაიჯანს აქვს მიმღებლობის პოზიცია.

ეს მიუკერძოებელი პოზიციაა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მიმართებით და ნებისმიერ დახმარებას ვიღებთ, მაგრამ ჩემი იდეა მდგომარეობას იმაში, რომ ყველაზე სწორი არჩევანი, იქნება ეს ისტორიული ასპექტები თუ სხვა, გეოგრაფიული თვალსაზრისითაც, ჩვენ გვჭირდება საქართველოს ჩართულობა ამ სიტუაციაში. მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერს, რომ მზად არის, დახმარება აღმოგვიჩინოს ამ საკითხთან მიმართებით და გვთავაზობს მის როლს, როგორც ფასილიტატორის როლს.

ეს არის ქვეყანა, რომელიც მზად არის და ჩვენ იმავეს ველით სომხეთისგანაც, თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, ჩვენ მყისიერად დავიწყებთ, შესაბამისი უწყებების საშუალებით, ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს აქ, საქართველოში”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენციის დროს მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოს ფასილიტატორის როლი ჰქონდეს:

„საქართველოს ამ პროცესში ყოველთვის გვეკავა ნეიტრალური, მიუკერძოებელი პოზიცია. ჩვენ ახლაც მზად ვართ, ჩვენი როლი, წვლილი შევიტანოთ ამ მედიაციის თუ ფასილიტაციის, ზოგადად, მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში. თბილისი ყოველთვის მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში.

სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ, თავად გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.