თუ ვაქცინაციის ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლება სიმართლეა, ვგმობთ ამ ფაქტს - NCDC

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს თბილისში  „სიძულვილის ბანერების” გაკვრასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ თუ ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლება სიმართლეს შეესაბამება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გმობს ამ ფაქტს და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მას ამ პროცესთან არავითარი კავშირი არ აქვს. გთავაზობთ განცხადებას:

„მასმედიის საშუალებებით დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანერებზე, რომელიც მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა, მოხდა პოლიტიკური შინაარსის ბანერების განთავსება და ეს ფაქტი ზოგიერთმა საინფორმაციო არხმა დაუკავშირა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.

ყველას კარგად მოეხსენება, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არის ზოგადად ვაქცინაციის და კერძოდ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ერთერთი მთავარი მხარდამჭერი და განმახორციელებელი ქვეყანაში; ცენტრი მუდმივად მასობრივი და სოციალური მედიის საშუალებებით მოუწოდებს მოსახლეობას, რომ კოვიდპანდემიის დასრულების მთავარი გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაზე.

თუ ვაქცინაციის მოწოდების ბანერების სხვა შინაარსის ბანერებით ჩანაცვლება სიმართლეს შეესაბამება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გმობს ამ ფაქტს და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მას ამ პროცესთან არავითარი კავშირი არ აქვს”, – ნათქვამია განცხადებაში.


„არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!”, – 17 სექტემბრის ღამით თბილისის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები გამოჩნდა. „სისხლიან ბანერებზე” ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ფოტოებია დატანილი. მათ შორის ასევე მოხვდა „ქართული ოცნების” გუნდის ყოფილი ლიდერი, ექსპრემიერი გიორგი გახარიაც. ბანერებზე ასევე გამოსახულია მედიის წარმომადგენელთა ( ნოდარ მელაძე, ნიკა გვარამია) სურათებიც. სოციალურ ქსელში ვრცელდება ისეთი ფოტოებიც, სადაც ჩანს, რომ სიძულვილის ენის შემცველი ბანერები ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერებს გადააკრეს.