არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სახელისუფლებო გუნდი მზად არის უკრაინაში ჩავიდეს, რათა კიდევ ერთხელ გამოხატონ პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
„რაც შეეხება უკრაინაში ვიზიტს, ჩვენი საპარლამენტო გუნდი, ჩვენი პოლიტიკური გუნდი, სახელისუფლებო გუნდი მზად არის, რა თქმა უნდა, ჩავიდეს უკრაინაში, რათა კიდევ ერთხელ გამოხატოს პოლიტიკური, ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ასევე გამოთქვას სამძიმარი იმ ტრაგედიის და იმ მძიმე ადამიანური დანაკარგების გამო, რომელსაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ვხედავთ. ვინ წავა, ამას თავად ვიზიტთან დაკავშირებით, თავად ჩვენი ქვეყნის, საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, აქვს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა. თუმცა გარწმუნებთ ჩავალთ ის ადამიანები, რომლებსაც უკრაინასთან ურთიერთობები უშუალოდ გვეხება და შეძლებს, რომ საკუთარი პოზიცია სათანადო დონეზე გამოხატოს უკრაინაში.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს არასოდეს, არც წარსულში, არც დღეს არ ჰქონია პრობლემა, რომ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ გამოეხატა მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმება მზადყოფნაც სათანადო დროს ის ჩავიდეს უკრაინაშიც. როდესაც ის დაუბრუნდება საპარლამენტო საქმიანობას, ამასთან დაკავშირებით თავად გააკეთებს განცხადებას. გარწმუნებთ საქართველო ყველა დონეზე საკუთარ პოზიციას ღირსეულად გამოხატავს“, – განაცხადა თალაკვაძემ.