პროტოკოლურად შეთანხმების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, წავიდეს უკრაინაში - მდინარაძე

პუბლიკა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას უკრაინაში ჩასვლის პრობლემა არ აქვს და დეპუტატები მზად არიან, „როცა საჭირო იქნება და როცა პროტოკოლურად შეთანხმდება ეს საკითხი და ფიზიკურად დალაგდება წასვლის თემა“, წავიდნენ უკრაინაში.

„საპარლამენტო უმრავლესობაში ეს საკითხი გავიარეთ, ვიმსჯელეთ. საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა, დღესვე, ხვალვე, როცა საჭირო იქნება და პროტოკოლურად შეთანხმდება ეს საკითხი, ფიზიკურად დალაგდება წასვლის თემა, შეგვიძლია რამდენიმე ადამიანი საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან წავიდეს უკრაინაში და გამოთქვას დამატებით სამძიმარი.

მადლობა ბატონ ლევანს [იოსელიანს] ორგანიზებისთვის, წამოსვლის სურვილისთვის. მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, მაგრამ თუ საპარლამენტო უმრავლესობა წავა და მით უმეტეს თუ ჩვენ შეკითხვებზე პასუხს მივიღებთ და ელემენტარულ გადმოდგმულ ნაბიჯს იმ ყველაფერზე, რაც ვითხოვეთ და რა კითხვები დავსვით და ობიექტურად რაღაც ჩარჩოებში მოექცევა, ოპოზიციის არც ერთი მიმართულებით არ დაგვჭირდება დახმარება , რომ ვიზიტი დავგეგმოთ და საპარლამენტო დელეგაცია და საქართველოს პარლამენტი გააკეთებს ამას“, – განაცხადა მდინარაძემ.