თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვინმე შემაშინებს რაღაც სანქციებით, ძალიან ცდება - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერი და მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე ამბობს, რომ მას სანქციებით ვერ შეაშინებენ.

ასე უპასუხა კალაძემ შეკითხვას, რომ არსებობს მოლოდინი, მოსამართლეების შემდეგ სანქციები გავრცელდება პოლიტიკოსებზეც.

„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვინმე შემაშინებს რაღაც სანქციებით, ძალიან ცდება“, – აცხადებს ის.

ჟურნალისტებთან საუბრისას კალაძემ თქვა, რომ 2011 წელს პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილება ქვეყნის მაშინდელი მდგომარეობის გამო მიიღო და ამას დღემდე არ ნანობს, რადგან ამბობს, რომ დღეს ის სამშობლოს და ხალხს ემსახურება.

„2011 წელს, როდესაც მე მივიღე  გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო იმით, თუ რა ხდებოდა ქვეყანაში, რა ვითარება იყო ადამიანების თავსუფლების თვალსაზრისით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, თორემ მე რა მინდოდა პოლიტიკაში, ხო? აბსოლუტურად ყველანაირად შეძლებულად ვცხოვრობდი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩემი ქვეყნის და სამშობლოს სიყვარულის გამო“, – განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტმა კალაძეს ასევე ჰკითხა, შესაძლო სანქციების მოლოდინით ხომ არ გეგმავს საკუთარი ფულის ბანკებიდან გამოტანას.

„თქვენ ნუ ინერვიულებთ ჩემს თანხებსა და ბანკებზე, სანერვიულო ისედაც ბევრი გაქვთ და ვხედავთ, რა მდგომარეობაშიც იმყოფებით. ჩემზე ნუ ინერვიულებთ. ჩემს თავს როგორმე მივხედავ და მაგაზე თქვენ არ ინერვიულოთ“, – მიმართა მან „TV პირველის“ ჟურნალისტს.

რაც შეეხება მოსამართლეების სანქცირებას, დედაქალაქის მერი ამერიკისგან მტკიცებულებებს ელოდება.

„დიდი იმედი მაქვს, რომ წარმოდგენილი იქნება რაღაც, თუ რაზე იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული, რა იყო ამ ყველაფრის საბაბი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი, ეს გადაწყვეტილება აღქმული იქნება სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად და ეს გადაწყვეტილება, ასეთი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, დააზიანებს იმ ურთიერთობას, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანას და ამერიკას შორის“, – აღნიშნავს კალაძე.

სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა იუსტიციის საბჭოს წევრ ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარეს, ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარესა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანს, ვალერი ცერცვაძეს.