თუ წარუმატებლად დავასრულებთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას, „გირჩის“ ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე - „გირჩი“

პუბლიკა

„თუ წარუმატებლად დავასრულებთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას, „გირჩის“ ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე”, – პარტია „გირჩი“ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით facebook-გვერდზე განცხადებას ავრცლეებს.

პარტიის შეფასებით, დღეს საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი ვერ შედგა.
ვერ შედგა ორი მიზეზის გამო – ის იყო ერთპარტიული და დღეს იქ არ იყო კონსტიტუციის ცვლილებისთვის საჭირო პარლამენტართა მინიმუმიც კი – 113 ადამიანი.

„ჩვენ, არჩევნების დასრულების დღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ პარლამენტში შესვლას აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ის ნამდვილად იქნება პარლამენტი, რაც ნიშნავს იმასაც, რომ იქ არის განსხვავებული აზრი და შესაძლებელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

„გირჩი” უარს ამბობს არასრულფასოვან პარლამენტში შესვლაზე და იმ შემთხვევაში, თუ ვერ გამოვიყენებთ ბოლო შანსს – ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩების დახმარებას, და წარუმატებლად დავასრულებთ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას, „გირჩის“ ყველა არჩეული დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე”, –ვკითხულობთ განცხადებაში.


დღეს ახალარჩეული პარლამენტის I სხდომის პარალელურად, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა სიმბოლურად საჯაროდ ხელი მოაწერა 3 დოკუმენტს –  უარს საპარლამენტო მანდატებზე, საპარლამენტო სიის გაუქმების მოთხოვნას და განცხადებას ბოიკოტთან დაკავშირებით.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით არჩეული ოპოზიციური დეპუტატები უარს აცხადებენ სადეპუტატო მანდატებზე და ტოვებენ პარლამენტს, რადგან პარლამენტის ეს შემადგენლობა არ ასახავს ამომრჩევლის ნებას; ისინი მიმართავენ ცესკოს, გაუქმდეს მათ მიერ წარდგენილი სიები;

ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადებაში ნათქვამია, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის, მოსყიდვის, საარჩევნო ოქმების მანიპულაციისა და სხვა მძიმე დარღვევების ფონზე, რის გამოც პარტიებს მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა.

8 ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტიდან მანდატებზე უარის თქმის საჯარო განაცხადს 5-მა მოაწერა ხელი. ესენია: „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლეიბორისტული პარტია“, „ენმ – ძალა ერთობაშია“ („რესპუბლიკური პარტიის“ გარდა).