უარი საპარლამენტო მანდატებზე - ოპოზიციის წევრებმა ხელი მოაწერეს საჯარო განცხადებას

პუბლიკა

ახალარჩეული პარლამენტის I სხდომის პარალელურად, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა სიმბოლურად საჯაროდ ხელი მოაწერა 3 დოკუმენტს –  უარს საპარლამენტო მანდატებზე, საპარლამენტო სიის გაუქმების მოთხოვნას და განცხადებას ბოიკოტთან დაკავშირებით.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით არჩეული ოპოზიციური დეპუტატები უარს აცხადებენ სადეპუტატო მანდატებზე და ტოვებენ პარლამენტს, რადგან პარლამენტის ეს შემადგენლობა არ ასახავს ამომრჩევლის ნებას; ისინი მიმართავენ ცესკოს, გაუქმდეს მათ მიერ წარდგენილი სიები;

ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადებაში ნათქვამია, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის, მოსყიდვის, საარჩევნო ოქმების მანიპულაციისა და სხვა მძიმე დარღვევების ფონზე, რის გამოც პარტიებს მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა.

8 ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტიდან მანდატებზე უარის თქმის საჯარო განაცხადს 5-მა მოაწერა ხელი. ესენია: „ევროპული საქართველო“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლეიბორისტული პარტია“, „ენმ – ძალა ერთობაშია“ („რესპუბლიკური პარტიის“ გარდა).

განცხადების ტექსტს გთავაზობთ სრულად:

უარი საპარლამენტო მანდატებზე

„ჩვენ, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების ცესკო-ს შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტში არჩეული დეპუტატები უარს ვაცხადებთ სადეპუტატო მანდატებზე და ვტოვებთ გაყალბებული არჩევნების შედეგების მიხედვით შეკრებილ პარლამენტს, რადგან ის არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

ჩვენ ოფიციალური განცხადებები საქართველოს პარლამენტში შევა ცესკოს მიერ პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის მიღებისთანავე”.

პოლიტიკური პაეტიების განცხადება საპარლამენტო პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმებასთან დაკავშირებით

„პოლიტიკური პარტიები, რომელთაც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარალემნტო არჩევნებში ცესკო-ს შედეგების მიხედვით გადავლახეთ დაწესებული ბარიერი და მოვხვდით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, მივიჩნევთ, რომ არჩევნები გაყალბდა „ქართული ოცნების“ მიერ და ის არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოთხოვნით, გააუქმოს ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროპორციული საარჩევნო სიები”.

პოლიტიკური პარტიების განცხადება პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით

„2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარალენტის არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის, მოსყიდვის, საარჩევნო ოქმების მანიპულაციისა და სხვა მძიმე დარღვევების ფონზე, რის გამოც არჩევნები ითვლება გაყალბებულად და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები“ არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად, ბოიკოტს ვუცხადებთ არალეგიტიმურ საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას და ვითხოვთ ახალი არჩევნების ჩატარებას“.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ბლოკებმა და პარტიებმა:

  • „ლელო“ – ბადრი ჯაფარიძე;
  • „ლეიბორისტები“ – შალვა ნათელაშვილი;
  • ბლოკი „ენმ – ძალა ერთობაშია“ – ნატო ჩხეიძე;
  • „ევროპული საქართველო“ – დავით ბაქრაძე;
  • „ევროპული საქართველო“ – ელენე ხოშტარია;
  • „ლელო“ – მამუკა ხაზარაძე;
  • „ენმ – ძალა ერთობაშიას“ ბლოკის წევრი – როსტომ ჩხეიძე;
  • „ლელო“ – დავით უსუფაშვილი;
  • „გამარჯვებული საქართველო“ – ირაკლი ოქრუაშვილი;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ნიკა მელია;
  • ბლოკი „სტრატეგია აღმაშენებელი“ – თაკო ჩარკვიანი და გიორგი ვაშაძე;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ზაალ უდუმაშვილი;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ლევან ხაბეიშვილი;
  • შალვა შავგულიძე;
  • ბეჟან გუნავა;
  • ბაჩუკი ქარდავა;
  • ლევან ვარშალომიძე და სხვები.

ღონისძიებას არ დაესწრნენ „მოქალაქეები“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „გირჩი“.

მათგან მხოლოდ „მოქალაქეებს“ არ უთქვამს, რომ მანდატებზე უარის თქმას აპირებენ. ლევან იოსელიანს მიაჩნია, რომ ეს მოლაპარაკების პროცესის საბოტაჟი იქნება.

ოპოზიციის საერთო ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა ცალსახად ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე „გირჩის“ სიის სამი წევრი – ხვიჩია, მეგრელიშვილი და რაქვიაშვილი. ზურაბ ჯაფარიძეც აცხადებს, რომ ოპოზიციის სხვა პარტიების მსგავსად, ყველა საჭირო პროცედურას გაივლის.

საარჩევნო ბლოკ „ძალა ერთობაშიაში“ შემავალმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება, რომ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, თუმცა მანდატების დათმობაზე გადაწყვეტილებას მოლაპარაკების პროცესის დასრულების შემდეგ მიიღებენ.

  • dokumenti logoiani
  • ნიკა მელია
  • დავით უსუფაშვილი
  • ელენე ხოშტარია
  • მამუკა ხაზარაძე
  • შალვა ნათელაშვილი
  • დავით ბაქრაძე
  • ბადრი ჯაფარიძე
  • 01 /