თუ წირვაზე დამსწრეები თვითიზოლაციაში წავლენ, პრაქტიკულად 0-მდე დაიყვანენ საფრთხეს - ცერცვაძე

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგის ცერცვაძის განცხადებით, თუკი სააღდგომო წირვაზე დამსწრეები გაჩერდებიან თვითიზოლაციაში, ამით, პრაქტიკულად, ნულამდე დაიყვანენ იმ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა მათ შეექმნათ.

„ამ პიროვნებებმა, რომლებმაც არ გაითვალისწინეს საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს, ექიმების მოწოდებები და მაინც მივიდნენ (ტაძრებში), არა მგონია მათ ჩემი რეკომენდაცია გაითვალისწინონ, რომ თვითიზოლაციაში წავიდნენ. ისე, რა თქმა უნდა, თუ ისინი გაჩერდებიან თვითიზოლაციაში, ამით, პრაქტიკულად, ნულამდე დაიყვანენ იმ საფრთხეს, რომელიც შესაძლოა მათ შეექმნათ ღამის განმავლობაში.

მე მაინც ვხედავ, რომ თითქმის ყველა მათგანს უკეთია ნიღაბი და იმ კადრებზე, რომლსაც ვხედავ, არის მცდელობა, და არა იდეალური დაცვა, სოციალური დისტანციისა. მაინც მგონია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება. დღეს წყდება ბევრი რამე. ხვალ კიდევ ერთი ეტაპია – სასაფლაოზე გასვლის. ხვალ და ზეგ არ უნდა გავიდეთ სასაფლაოებზე. დღეს ვინც იყო ეკლესიაში, ხვალ ეს რაიმე გავლენას ვერ მოახდენს. ეს გამოჩნდება მომდევნო 2 კვირის განმავლობაში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

*************

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 388;
  • აქედან, გამოჯანმრთელებული – 86;
  • გარდაცვლილი – 4;
  • კარანტინის რეჟიმში – 4971;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 519;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.