თუკი გამყრელიძეს, იმნაძეს და ცერცვაძეს მიაჩნიათ, რომ ამ სასაკლაოს შეჩერება შესაძლებელია არჩევნების გადადებით, უნდა ისაუბრონ - მელია

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და ოპოზიციის ნაწილის მერობის საერთო კანდიდატი, ნიკა მელია აცხადებს, რომ თუკი ეპიდემიოლოგები გასცემენ რეკომენდაციას, რომ ეპიდვითარების გათვალისწინებით უმჯობესი იქნება არჩევნების გადადება, მაშინ რეალობას თვალს გაუსწორებენ.

მისივე თქმით, ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა, საკოორდინაციო საბჭოში შემავალმა ეპიდემიოლოგებმა საზოგადოებას უთხრან, როგორია მათი პროგნოზი.

„ამ ეტაპზე ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა, საკოორდინაციო საბჭოში შემავალმა ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა გვითხრან, საზოგადოება საქმის კურსში ჩააყენონ, თუ როგორია მათი ხედვა, პროგნოზი. კარს მომდგარი პერიოდის გათვალისწინებით კორონავირუსი გამძაფრდება თუ – არა, რამდენად რეალურია საფრთხე, ამ ყველაფერზე მათ უნდა ისაუბრონ“, – ამბობს ნიკა მელია.

ოპოზიციონერი მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ხელისუფლება კოვიდვითარებას პილიტიკური მანიპულაციებისთვის იყენებდა და ამიტო მივიდა ქვეყანა ამ მძიმე ვითარებამდე.

„ამ წუთას არის სრული ვაკუუმი, სიბნელეში დგამენ ნაბიჯს და ამ სიბნელეში ხელების ფათურით დღეში ვკარგავთ 60-მდე ადამიანს. თუკი პროფესიონალებს მიაჩნიათ, რომ ამ სასაკლაოს შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ლოკდაუნის დაწესებით ან არჩევნების გადადებით, პროფესიონალებზე ვსაუბრობთ, გამყრელიძეზე, იმნაძეზე, ცერცვაძეზე, ამ ადამიანებმა უნდა ისაუბრონ“, – ამბობს მელია.

მისივე თქმით, სწორედ მათ იციან თუ რამდენად მძიმეა ვითარებაა ქვეყანაში და ამის შესახებ საზოგადოებას, მათ შორის, პარტიებს უნდა უთხრან.

„ცალკე აღებული პოლიტიკოსის მხრიდან საუბარი იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ხვალ არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, არც მართებულია და არც შეუძლია. თუ ეს გასაკეთებელია და თუ პროფესიონალები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა ვეღარ უძლებს წნეხს, ვეღარ უძლებენ ჩვენი ინფორმაციით და არის სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა ხელისუფლებასა და ეპიდემიოლოგებს შორის, ამის თაობაზე საუბარი უნდა გაიხსნას მათი მხრიდან.

აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ რეალობასაც გავუსწორებთ თვალს, ოღონდ ისე არ მოხდეს, როგორც შარშან, როდესაც დეკემბრის თვეში ერთ-ერთმა მთავარმა ეპიდემიოლოგმა განაცხადა, რომ სექტემბერში მხოლოდ აჭარის რეგიონი რომ ჩაგვეკეტა, ბევრ პრობლემას ავირიდებდითო და ეს თქვა დეკემბერში. აგერ ბატონო, ვართ საარჩევნო პროცესში, გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე უნდა გამოვიდნენ და თქვან, ველოდებით მათ პოზიციას. თუ მათ ვინმე არ ეთანხმება ხელისუფლებაში, ამასაც გავიგებთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.


სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება. გუშინ მან განაცხადა, რომ როდესაც ქვეყანას დღის განმავლობაში კორონავირუსისგან 60-70 გარდაცვლილი ჰყავს, უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული.

ლომჯარიას განცხადება კრიტიკულად შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისი შეფასებით, როცა სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს ანომალიაა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ არჩევნების გადადების ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაა, თუმცა, მისივე თქმით, „ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს, იმის მიუხედავად, რომ კოვიდი არის გამოვწვევა როგორც ინფიცირების, ასევე სიკვდილიანობის თვალსაზრისით“.