თუკი ვინმეს ელეთმელეთი ემართება საქართველოს დროშის დანახვაზე, დაჯდეს სახლში – პაპუაშვილი

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის დროშა საქართველოს პარლამენტის წინ ქართულ დროშასთან ერთად არის აღმართული და „თუ ვინმეს ამ დროშის დანახვა უნდა, თვალები უნდა გაახილოს.“

„მთავრობის ადმინისტრაციამ განმარტება უკვე გააკეთა, დროშის (ევროკავშირის) ჩამოხსნა, არ ჩამოხსნა…  საქართველოს პარლამენტის შენობის წინ არის ორი დროშა აღმართული – საქართველოს და ევროკავშირის. თუკი ვინმე ეძებს ევროკავშირის დროშას, გაახილოს თვალი და დაინახავს ამ დროშას. რაც შეეხება დამოუკიდებლობის დღის დეკორაციებს, ყოველ წელს თემატურია. თუკი ვინმეს ელეთმელეთი ემართება საქართველოს დროშის დანახვაზე, დაჯდეს სახლში და საერთოდ ნუ გამოვა 26 მაისს ქუჩაში, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ საქართველოს დროშას დაინახავს.“ – თქვა პაპუაშვილმა

მისივე თქმით, დამოუკიდებლობის დღის „არევა“ უნდა ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

„ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ ერთადერთი მიზეზი – არიონ სიტუაცია. ხვალ გვაქვს უდიდესი ზეიმი, დამოუკიდებლობის დღე. აცადოს ოპოზიციამ და ენჯეოებმა ქართველ ხალხს საკუთარი ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა. დაჯდნენ ოფისებში, სახლებში. ხვალ იქნება ბევრი საქართველოს დროშა ქუჩებში, თბილისში და რეგიონებში.“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯომარემ.

2022 წლის 26 მაისს, საკანონმდებლო ორგანოს ფასადზე საქართველოს დროშის ბანერების გვერდით გამოფენილი იყო ევროკავშირის დროშის ბანერები სლოგანით „ევროპისკენ“. წელს შეცვლილია დამოუკიდებლობის დღის სლოგანი და აღარ იქნება გამოფენილი ევროკავშირის დროშები.

საქართველოს მთავრობის განმარტებით, დამოუკიდებლობის დღის გაფორმებები ყოველწლიურად თემისა და სლოგანის მიხედვით იცვლება. მათი ცნობით, წელს „დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე გაფორმება ხდება ეროვნული სიმბოლიკით.“