თუმანიშვილის თეატრის მსახიობთა კოლექტიური შრომითი დავა/მედიაცია დასაქმებულთა მოთხოვნების დაკმაყოფილებით დასრულდა, – ინფორმაციას ამის შესახებ კულტურისა და მედიის სფეროში დამოუკიდებელი პროფკავშირი „გილდია” ავრცელებს.
თეატრის თანამშრომლებმა თეატრის მენეჯმენტის წინააღმდეგ კოლექტიური დავა 2 თვის წინ წამოიწყეს.
დავის მიზეზი რეორგანიზაცია გახდა, რომლის ფარგლებშიც მსახიობთა უმეტესობას ახალი შრომის ხელშეკრულების მოქმედების ვადად 8 თვე განესაზღვრა, ასევე რეორგანიზაციის ფარგლებში შეიცვალა მსახიობთა შრომის ანაზღაურებაც. მედიაციაში მონაწილეობდნენ როგორც ის მსახიობები, ვისაც შეუმცირდა ანაზღაურება, ასევე ისინი, ვისაც გაეზარდა.
„დღეს თეატრის თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის მედიაციის პროცესი შეთანხმებით დასრულდა. მოლაპარაკებების შედეგად გაფორმდა რამდენიმეპუნქტიანი დოკუმენტი და მედიაცია დასრულებულად გამოცხადდა – ძირითადი მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, ნაწილზე მუშაობა უკვე კოლექტიური მოლაპარაკების ფარგლებში გაგრძელდება. ამჟამინდელი შეთანხმება მოიცავს შემდეგ პუნქტებს:
► დასაქმებულებთან დადებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებების მოქმედების 8-თვიანი ვადა შეიცვლება და საერთო ჯამში განისაზღვრება 4 წლით.
► დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, ცვლილები შეიტანოს იმ დასაქმებულებთან დადებულ შრომით ხელშეკრულებებში, რომელთა შრომის ანაზღაურებაც, თანამდებობის ცვლილების გარეშე იქნა შემცირებული და მათი შრომითი ანაზღაურება განუსაზღვროს პირვანდელი ოდენობით.
► დამსაქმებელი გამოთქვამს მზადყოფნას, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, სრულად ითანამშრომლოს დასაქმებულთა მიერ შექმნილ ერთობასთან.
► დამსაქმებელი გამოთქვამს მზადყოფნას, დასაქმებულთა მხრიდან კოლექტიური ხელშეკრულების დადების მოთხოვნით მომართვის შემთხვევაში, კეთილსინდისიერად აწარმოოს მოლაპარაკება დასაქმებულების წარმომადგენლებთან და მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების შემთხვევაში დადოს დასაქმებულთა შესაბამის გაერთიანებასთან კოლექტიური ხელშეკრულება.
► თეატრში მსახიობის პოზიციაზე დასაქმებული პირისათვის 2023 წლის 1 იანვრიდან მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით;
► დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას საკუთარი ინიციატივით შეიმუშაოს მსახიობთა სახელფასო ანაზღაურების განსაზღვრის შეძლებისდაგვარად ობიექტურ და სამართლიან, მათ შორის, თვლად კრიტერიუმებზე დაფუძნებული წესი და წარუდგინოს შეთანხმებისა და კონსულტაციებისათვის თეატრის მსახიობთა დასს (მათ შორის დასაქმებულთა გაერთიანებას/წარმომადგენელს), იმ პირობით, რომ 2022 წლის დეკემბრის ბოლო სამუშაო დღემდე შესაძლებელი გახდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად ხელფასის განსაზღვრა. სახელფასო ანაზღაურების განსაზღვრის წესი უნდა ითვალისწინებდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს:
- მსახიობის სახელფასო ანაზღაურების გადახედვა უნდა ხდებოდეს წელიწადში ერთხელ მაინც, დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად;
- ხელფასის ცვლილება უნდა გამომდინარეობდეს წინასწარ შეთანხმებული ზ/ა კრიტერიუმების საფუძველზე.
იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის მიერ შემუშავებული სახელფასო ანაზღაურების წესი ვერ მოიპოვებს თეატრის მსახიობთა 3/4-ის მხარდაჭერას, ან ვერ მოხდება მხარეთა მიერ წარმოდგენილ ვარიანტებზე შეჯერება, დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას გააგრძელოს თეატრის მსახიობთა დასთან კონსულტაციები ორივე მხარისათვის (როგორც დამსაქმებლის, ასევე თეატრის მსახიობთა დასისათვის) მისაღები ანაზღაურების წესისა და შესაბამისი კრიტერიუმების შესამუშავებლად. ხოლო თუ 2022 წლის 31 იანვრამდე ვერ მოხდება მხარეთა შეთანხმება ანაზღაურების წესსა და შესაბამის კრიტერიუმებზე, დასაქმებულები უფლებას იტოვებენ, მიმართონ კანონით გათვალისწინებულ საშუალებებს, მათ შორის ხელახლა წამოიწყონ კოლექტიური დავა იმავე საფუძვლით.
► დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას, მაქსიმალურად გაუფრთხილდეს თეატრის რეპერტუარში დღეს არსებულ სპექტაკლებს და უზრუნველყოს მისი შენარჩუნება.
► დამსაქმებელი იძლევა გარანტიას, რომ დასაქმებულების მიერ შრომით დავაში მონაწილეობა არ გახდება მათდამი რაიმე კუთხით განსხვავებული მოპყრობის ან მათი შრომითი პირობების გაუარესების საფუძველი”, – ვკითხულობთ „გილდიის” განცხადებაში.