„რეორგანიზაცია თეატრის ხელმძღვანელობის პირადი ინტერესებით“ - „გილდია“ თუმანიშვილის თეატრზე

პუბლიკა

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად მარტში ივანე ხუციშვილი დაინიშნა, 12 აპრილიდან კი თეატრში რეორგანიზაცია გამოცხადდა.

დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – „გილდია“ თეატრში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა საქმიანობა თეატრის შემოქმედებით კოლექტივთან თანამშრომლობისა და კონსულტაციების გარეშე, გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღებით დაიწყო, რამაც არსებითად დააზიანა თეატრში დასაქმებულთა ინტერესები და რისკის ქვეშ დააყენა თეატრის რეპერტუარი.

რაც შეეხება რეორგანიზაციის პროცესს, „გილდიის“ სამართლებრივი შეფასებით, პროცესები კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით წარიმართა. კერძოდ, პროფკავშირი წერს:

„► გაურკვეველი მიზეზით შემცირდა საშტატო ნუსხა, კერძოდ, შემცირდა ან გაუქმდა თეატრში არსებული თანამდებობრივი პოზიციები, რის გამოც სამსახურიდან წასვლა მოუწიათ თანამშრომლებს, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ თეატრს. აღნიშნული განსაკუთრებით შეეხო მსახიობებს, რომელთა რაოდენობაც 45-დან 35-მდე შემცირდა;

► მსახიობთა ნაწილთან დაიდო შტატგარეშე თანამშრომლებისთვის გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულებები;

► გაუარესდა ისედაც მძიმე შრომითი პირობები, კერძოდ, შემცირდა თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება, ზოგიერთ შემთხვევაში კი ჩამოსცდა ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმს“, – წერს „გილდია“.

შრომის კანონმდებლობისა და მსგავს საქმეებზე უზენაესი სასამართლოს მსჯელობის მიმოხილვის შედეგად „გილდია“ წერს, რომ რეორგანიზაციის პროცესში შრომითი უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს ობიექტური საჭიროების არსებობა, რომელიც რეორგანიზაციას განაპირობებს და აუცილებელი პირობაა მისი მართლზომიერად მიჩნევისთვის.

„გილდია“ წერს, რომ ამ დრომდე, დამსაქმებელს არ დაუსაბუთებია რეორგანიზაციის ობიექტური საჭიროება – „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ასეთი კრიტერიუმი უბრალოდ არ არსებობს“.

„მოცემულ შემთხვევაში, სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ განხორციელებული რეორგანიზაციის მიზანია „შტატების რეორგანიზაცია, ბიუჯეტის რესტრუქტურიზაცია-ოპტიმიზაცია, საჭიროების შემთხვევაში შტატების შემცირება“, თუმცა მითითებული არ არის კონკრეტული ობიექტური საჭიროება, რომელმაც განაპირობა აღნიშნული ქმედებების განხორციელება. ასეთ საჭიროებად შესაძლებელია სავალალო ფინანსური მდგომარეობა განგვეხილა, თუმცა თეატრის მიერვე მოწოდებული ინფორმაციის თანახმად 2021 წლის საბიუჯეტო დაფინანსებასთან შედარებით თეატრის 2022 წლის საბიუჯეტო დაფინანსება  92  700 ლარით გაიზარდა და 1 347 080 ლარს შეადგენს, შესაბამისად შტატების რეორგანიზაცია ფინანსური მდგომარეობით გამოწვეული ვერ იქნება, რასაც უფრო ამყარებს ის გარემოება, რომ აღნიშნულის პარალელურად, რეორგანიზაციის შედეგად თავად სამხატვრო ხელმძღვანელსა და დირექტორს ხელფასები გაეზარდათ, შესაბამისად, ბიუჯეტის ოპტიმიზაციისთვის, ერთის მხრივ, შტატების შემცირება და, მეორეს მხრივ, ხელმძღვანელობისთვის ხელფასების მომატება ურთიერთგამომრიცხავი მოქმედებებია და ხელმძღვანელობის მიერ თეატრის ინტერესებთან შედარებით საკუთარი ინტერესებისთვის უპირატესობის შესაძლო მინიჭებაზე მიუთითებს“, – წერს „გილდია“.

ამასთან, „გილდიის“ შეფასებითვე, თეატრის შემთხვევაში, სამხატვრო ხელმძღვანელ არ შეუფასებია რეორგანიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები, არ მომხდარა გათვლა რეორგანიზაციამდე არსებული სტრუქტურისა და მომავალი სტრუქტურის შედარება და, რაც მთავარია, რეორგანიზაცია პირდაპირ მიმართულია დასაქმებულთა შრომითი უფლებების ხელყოფისკენ. შესაბამისად, „გილდია“ მიიჩნევს, რომ რეორგანიზაცია ნაკარნახევი იყო არა თეატრის, არამედ ხელმძღვანელობის პირადი ინტერესებით.

როგორც უკვე აღინიშნა, ხელმძღვანელობამ თავისთვის ხელფასები გაიზარდა, რის პარალელურადაც თანამშრომლების უმეტეს ნაწილს შეუმცირა ხელფასი. „გილდიის“ შეფასებით, გაუგებარია, თუ რამ განაპირობა აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღება.

პროფკავშირი ასევე წერს, რომ 1 მაისს დამტკიცებული საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის მიხედვით, ერთსა და იმავე თანამდებობაზე დანიშნულ პირებს განსხვავებული შრომის ანაზღაურება უფიქსირდებათ. მაგალითად, საშტატო ნუსხაში მსახიობთა რამდენიმე კატეგორიაა მითითებული, თუმცა მათი ერთადერთი განმასხვავებელი ნიშანი, ხელფასია. თეატრში არ არსებობს არანაირი შეფასების ფორმა ან კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც, ობიექტურად განისაზღვრებოდა თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება. პროფკავშირის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, ხელფასის განსხვავებული რაოდენობა განპირობებულია მხოლოდ სამხატვრო ხელმძღვანელის სუბიექტური დამოკიდებულებით, მაშინ როდესაც, მსახიობები თანაბარ სამუშაოს ასრულებენ.

„მოცემულ შემთხვევაში, მსახიობები ასრულებენ თანაბარ სამუშაოს, აქვთ შრომის, ფაქტობრივად, ერთნაირი პირობები და დატვირთვა, თუმცა მათი ხელფასი განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც გამოწვეული არ არის სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, შესაბამისად, არ არსებობს ლეგიტიმური მიზეზი, რომელიც გაამართლებდა ამგვარ განსხვავებულ მოპყრობას, ანუ ვაწყდებით არსებითად თანასწორი პირების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას, რაც დისკრიმინაციას წარმოადგენს“, – წერს „გილდია“.

თეატრის დატოვება „პირადი განცხადების საფუძველზე“

„გილდიის“ ცნობით, შემცირებულ/გაუქმებულ პოზიციებზე დასაქმებულ პირებთან ე.წ. „კონსულტაციებს“ გადიოდა და უთანხმდებოდა, რომ მათი კარიერისთვის უკეთესი იქნებოდა, სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დაეტოვებინათ და არა გათავისუფლების შესახებ ბრძანებით, რის შედეგადაც თანამშრომელთა უმეტესმა ნაწილმა სამსახური პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. პროფკავშირი წერს, ამ ნაცად ხერხს ხელმძღვანელობა თანამშრომელთა მიერ რეორგანიზაციის გასაჩივრების თავიდან აცილების მიზნით იყენებდა.

პროფკავშირის ცნობით, რეორგანიზაციის შედეგად მსახიობთა ნაწილი, რომლებიც თეატრში წლების განმავლობაში მუშაობდნენ, გადაიყვანეს შტატგარეშე თანამშრომლის პოზიციაზე, მიწვეული მსახიობების კატეგორიაში, რაც პერიოდული და არასტაბილური თანამდებობაა, შესაბამისად, არასტაბილურ სამსახურს და შემოსავალს ნიშნავს.

ხელშეკრულებები 8 თვით

ამასთან, მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გარემოება – ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა მსახიობებთან ახალი შრომითი ხელშეკრულებები დადო, რომელთა მოქმედების ვადად 8 თვე განისაზღვრა.

პროფკავშირი წერს, რომ ამ ვითარებაზე  უნდა გავრცელდეს პროფესიული თეატრის შესახებ კანონის ჩანაწერი, რომელიც ადგენს შრომითი ხელშეკრულების მოქმედების მაქსიმალურ ვადას – არაუმეტეს 4 წელს, თუმცა აღნიშნული კანონი არ ადგენს ხელშეკრულების მინიმალურ ვადას, რასთან დაკავშირებითაც გასათვალისწინებელია შრომის კოდექსის შესაბამისი ნორმა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 1 წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულების გაფორმება შესაძლებელია: სეზონური ან კონკრეტული მოცულობის სამუშაოზე და ა.შ. რაც, მათი თქმით, ამ ვითარებაში არარელევანტურია.

„გილდია“ წერს, რომ გაუგებარია, კანონით გათვალისწინებულმა რომელმა საფუძველმა განაპირობა სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ თანამშრომლებთან 8-თვიანი შრომითი ხელშეკრულების დადება და რატომ დაიდო მაინცდამაინც 8-თვიანი ხელშეკრულებები მაშინ, როდესაც მსახიობები ჩვეულ რეჟიმში მონაწილეობენ სპექტაკლებში.

დასკვნა

„გილდიის” შეფასებით, თეატრის ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებები, საკადრო და ადმინისტრაციული პოლიტიკა მნიშვნელოვნად აზიანებს თეატრის ინტერესებს და ლახავს დასაქმებულთა ფუნდამენტურ შრომით უფლებებს.

„გილდიის“ წარმომადგენელთა შეფასებით, თუმანიშვილის თეატრში შექმნილი ვითარება, კიდევ უფრო ამძიმებს სახელოვნებო სფეროში, მათ შორის თეატრში, ისედაც უმძიმეს პირობებს. თეატრის ხელმძღვანელის ერთპიროვნული და სრულიად გაუმჭვირვალე გადაწყვეტილებებით ირღვევა ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომითი უფლებები, რომლებიც დასაქმებულთათვის ღირსეულ ანაზღაურებას, მტრული სამუშაო გარემოსგან თავისუფალ, უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო პირობებს ითვალისწინებს.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე,  სსიპ „მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის ქმედებები წარმოადგენს საქართველოს შრომის კოდექსით დაწესებული მოთხოვნების დარღვევას, შესაბამისად, ამტკიცებს რეორგანიზაციის პროცესის უკანონობას.

სწორედ ამიტომ, მივმართავთ:

  1. სსიპ „მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელს, კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს რეორგანიზაციის მიმდინარეობის პროცესი;
  2. შრომის ინსპექციას, შეისწავლოს სსიპ „მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრში“ მიმდინარე პროცესები, დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობა და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;

„პუბლიკა“ დაუკავშირდა თეატრის ხელმძღვანელ ვანო ხუციშვილს, პროფესიული კავშირის მიერ სამართლებრივ შეფასებებზე პასუხის მისაღებად. კომენტარის შემთხვევაში მასალა განახლდება.