თურაზაშვილი: ამ ეტაპზე, კვოტირება აუცილებელია, „გირჩის" ინიციატივა ნაადრევია

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების” დეპუტატი, ქეთევან თურაზაშვილი სავალდებულო კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებით „გირჩის” ინიციატივას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, მოვიდეს დრო, როცა ხელოვნური ჩარევა აღარ იყოს აუცილებელი, თუმცა ამ ეტაპზე, სავალდებულო კვოტირება აუცილებელია.

„საზოგადოებაც ხედავს, რომ ძალიან აქტიურები არიან ქალები განსაკუთრებით ოპოზიციაში და ბევრი კარგი გადაწყვეტილებისთვისაც მიგვიღწევია ერთად. ვფიქრობ, „გირჩის” ინიციატივა ცოტა ნაადრევია და თავისთავად მოვა ამის დრო.

დღესდღეობით ჯერ კიდევ გამიჯნულია ქალისა და კაცის საქმიანობა, პარლამენტშიც კი ვხედავთ, რომ არის რიგები, სადაც მხოლოდ მამაკაცები არიან ჩამწკრივებული და ძალიან ცოტა ქალია. ისედაც, ქალებს გვიწევს შრომა, როგორც სამსახურში, ისე სახლში. ზოგიერთ ქალს მიაჩნია, რომ მისთვის გარკვეული პოზიციები, თუნდაც პოლიტიკაში, მიუღწეველია.

სანამ ეს სტერეოტიპები არ დაიმსხვრევა და ბუნებრივად არ მოვა ის პროცესი, რომ ქალმა შეძლოს გადაანაწილოს თუნდაც სახლის საქმე ოჯახის წევრებს შორის და ეს არ იყოს მხოლოდ მისი ვალდებულება, შეძლოს და საკუთარ სურვილებს და ინტერესებს მეტი დრო დაუთმოს, ეს დრო როდესაც დადგება, მაშინ აღარ იქნება საჭირო ხელოვნური ჩარევა კვოტირების საკითხში”, – აღნიშნავს ის.

„გირჩი” გამოდის ინიციატივით, რომ საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება და გაუქმდეს ყველა ის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვდა.

კერძოდ, პარტია ითხოვს კანონიდან სრულად ამოიღონ 203-ე მუხლი, რაც საპარლამენტო სიებში პარტიებისთვის გენდერული კვოტის დაცვის ვალდებულებას აჩენდა.

კანონპროექტში შეთავაზებულ ცვლილებებს ექნება მმართველი პარტიის მხარდაჭერა. როგორც დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილეს, ამ საკითხზე შეხვედრა შედგა „გირჩისა” და უმრავლესობის ლიდერებს შორის, ხოლო „ქართული ოცნება” სრულად იზიარებს ცვლილებებს – ბექა დავითულიანმა თქვა, რომ სანაცვლოდ, მმართველმა პარტიამ მიიღო დაპირება, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში, „გირჩი” ორიენტირებული იქნება კანდიდატის „პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაზე”.

ბიურომ მხარი დაუჭირა, რომ მიმდინარე კვირაში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილონ – იაგო ხვიჩიამ მხარდაჭერისკენ მოუწოდა ოპოზიციასაც.