თურმე მეცენატობა ნიშნავს ოლიგარქიას - ოხანაშვილი ივანიშვილზე

პუბლიკა

„თურმე მეცენატობა ნიშნავს ოლიგარქიას, ეს მორიგი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მსჯელობაა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვისას განაცხადა.

 „ადამიანი, რომელიც ქველმოქმედებით და მეცენატობით არის დაკავებული, რაც არ უნდა ცალკეულ პირებს ინტერესი ჰქონდეთ მისი ოლიგარქად მიჩნევის, უკრაინული მოდელი იმ კრიტერიუმებზე დაფუძნებით, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა, არ ითვალისწინებს ასეთი პირის ოლიგარქად მიჩნევას. ამიტომ, უკრაინული მოდელით ბიძინა ივანიშვილი ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ვერ იქნება მიჩნეული ოლიგარქად“, – განაცხადა ოხანაშვილმა კანონპროექტის წარდგენისას.

*****

კანონპროექტი უკრაინული კანონის ზუსტი ანალოგია.

კანონპროექტი განსაზღვრავს პირის მონაწილეობას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; აქვს თუ არა მას მნიშვნელოვანი გავლენა მასმედიაზე; მონოპოლისტურ საქმიანობას; ასევე განისაზღვრება, რა რაოდენობის თანხას უნდა ფლობდეს ის. ამ კრიტერიუმებიდან სამი არის საკმარისი, რომ პირი მიჩნეული იქნეს ოლიგარქად.

ოლიგარქთა რეესტრის შექმნის ფუნქცია პარლამენტს დაეკისრება.

კანონპროექტი არ გაითვალისწინებს კონკრეტულ სახელსა და გვარებს, რადგან, უმრავლესობის შეფასებით, ნონსენსია, რომელიმე კანონი კონკრეტულ სახელებზე აიგებოდეს.