თურნავა: 90 წლებიდან გააქტიურდა ჰესების წინააღმდეგ პროპაგანდა, რაც ჰიბრიდული ომის ნაწილია

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ენერგოდამოუკიდებლობის კონტექსტში ჰესების მნიშვნელობასა და ქვეყანაში არსებული მწვანე რესურსების მაქსიმალურ გამოყენებაზე ისაუბრა.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ ენერგეტიკა ჩვენი ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედია. ამ დარგში ორი სტრატეგიული ამოცანა გვაქვს – პირველი ეს არის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცება საკუთარი მწვანე რესურსის მაქსიმალური გამოყენების გზით, ხოლო მეორეა, უწყვეტად უზრუნველვყოთ ჩვენი მოსახლეობა ბუნებრივი აირით. ამ ამოცანების გადაწყვეტისას ჩვენი მთავრობები ისტორიულად აწყდებოდნენ სირთულეებს. 90 წლებიდან გააქტიურდა ჰესების წინააღმდეგ პროპაგანდა, რაც, თავის მხრივ, ჰიბრიდული ომის ნაწილიც არის. ამ თემაზე საერთო ეროვნული თანხმობაა საჭირო და ისეთი მოდელის შემუშავება, რომელიც ჰესების მშენებლობას სახელმწიფოს სტრატეგიულ მიმართულებად აქცევს. საჭიროა პოლიტიკური ჯგუფებისა და საზოგადოების შეთანხმება ერთიან მიდგომასა და სტრატეგიაზე“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, 2021 წელს ხელი მოეწერა 37 ახალ ხელშეკრულებას, რაც 525 მეგავატის ჯამური სიმძლავრეა.

„რომ დავყოთ 37-ზე გამოჩნდება, რომ მცირე და საშუალო ობიექტებია. ეს გახლავთ მცირე ჰესები, ქარისა და მზის სადგურები. აქაც გვჭირდება დივერსიფიკაცია. დამუშავებაში კიდევ 23 ახალი პროექტი. ეს კიდევ 256 მეგავატის სიმძლავრეა“. – განაცხადა თურნავამ.