თურნავას თქმით, CIPS-ში ამჟმად 4 ქართული ბანკია გაწევრებული, მათ შორისაა „ქართუ ბანკი"

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ CIPS-ში 4 ქართული ბანკია გაწევრებული, მათ შორისაა „ქართუ ბანკი”.

„…ეს ზოგჯერ არასწორად აღიქმება, ჩვენ განვმარტეთ არაერთხელ, როგორც SWIFT-ის ალტერნატივა. ვისარგებლებ შემთხვევით და განვმარტავ, რომ ეს ასე არ არის, იმიტომ რომ დაახლოებით 180 ქვეყნიდან, ანუ მთელი მსოფლიოს 5000-ზე მეტი წამყვანი ბანკი არის გაწევრიანებული ამ სისტემაში და პარალელურად სარგებლობენ როგორც სვიფტით, ასევე CIPS, ანუ ეს ორი ურთიერთშემავსები მესეჯინგის სისტემაა, რომელიც ემსახურება გადახდებს, SWIFT ამ შემთხვევაში არის დოლარი და ევრო, CIPS-ი კი არის იუანი.

მზარდია ტრანზაქციები, თქვენ ერთ-ერთი მაგალითი ხართ ამისი ანუ „ქართუ ბანკი”. ეს ტენდენცია სავარაუდოდ გაიზრდება. თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ წამყვან ბანკებს შორის, ოთხი ბანკია ამ წუთში და ალბათ გაიზრდება ეს რაოდენობა, ვინც ეს სურვილი გამოხატა. ჩვენ ვმასპინძლობდით რამდენჯერმე CIPS-ის პრეზიდენტს აქ საქართველოში და შესაბამისად, ძალიან კარგი განწყობა არის, გვეხმარებიან ამ პროცესში და იმედი გვაქვს, რომ მალე მოხდება თქვენი გაწევრიანება, რაც ნიშნავს, რომ პირდაპირ შეძლებთ მოემსახუროთ იუანში ტრანზაქციებს გაცილებით უფრო ნაკლებ ფასად, სწრაფად, შეუფერხებლად და სხვა შუამავალზე დამოკიდებულები არ იქნებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამას სათავე დაუდო, ჩვენი ეროვნული ბანკის მზარდმა კონტაქტებმა ჩინეთის სახალხო ცენტრალურ ბანკთან, მემორანდუმი გვაერთიანებს და ამ მემორანდუმის ფარგლებში ბევრი საინტერესო განვითარება წამოვიდა,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

„პუბლიკა” ეროვნული ბანკის პრესასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, რათა მიგვეღო ინფორმაცია, „ქართუ ბანკის” გარდა, კიდევ რომელი ქართული ბანკებია გაწევრებული CIPS-ის სისტემაში. გვითხრეს, რომ ინფორმაცია, უშუალოდ კომერციული ბანკებისგან შეგვიძლია მივიღოთ. 

CIPS ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემაა.

ის, ისევე, როგორც ბელგიაში დაფუძნებული SWIFT, CIPS-იც ბანკთაშორისი კომუნიკაციის საერთაშორისო სისტემაა. თუმცა 1973 წელს ბელგიაში დაფუძნებული SWIFT გამოიყენება გლობალურად და მხარს უჭერს მრავალ ვალუტას, ხოლო CIPS განსაკუთრებით ორიენტირებულია ჩინურ ვალუტა იუანზე.

SWIFT-ს მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო იყენებს და მისი საშუალებით ყოველდღიურად 40 მილიონზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდება.

2015 წელს ჩინეთის მიერ შექმნილი CIPS შეიძლება ჩაითვალოს SWIFT-ის ნაწილობრივ ალტერნატივად იმ ქვეყნებისა და ბანკებისთვის, რომლებიც იუანით ვაჭრობენ ან სურთ, რომ შეამცირონ დამოკიდებულება დასავლურ ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე.

ბოლო წლებში, გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე (მაგალითად, რუსეთის ან ირანის წინააღმდეგ SWIFT-დან გათიშვის შემდეგ), CIPS-მა მეტი მნიშვნელობა შეიძინა, თუმცა ვერ მიიჩნევა SWIFT-ის მნიშვნელოვან შემცვლელად.

2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ევროკავშირმა ჯერ 10 უმსხვილესი რუსული ბანკი გათიშა SWIFT-იდან, 2025 წელს კი გეგმავს, მასზე წვდომა კიდევ 20 რუსულ ბანკს შეუზღუდოს.