თურნავა და დავითაშვილი ნამოხვანში რიონის ხეობის მცველებთან შესახვედრად მიდიან

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი ცაგერიდან სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველებთან შესახვედრად მიდის.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩავიდეთ ახლა ადგილზე, შევხვდეთ ამ ადამიანებს და დავთქვათ მათთვის მისაღები ფორმატი და ადგილი შეხვედრისთვის”, – აღნიშნა თურნავამ.

ადგილობრივი აქტივისტები ამ სოფელში ნამახვანჰესს უკვე 131-ე დღეა ადგილზე აპროტესტებენ და კარვებში ღამეს ათევენ.

დღეს ნამახვანჰესთან დაკავშირებით ცაგერის კულტურის სახლში ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები მოქალაქეებს შეხვდნენ. ამ შეხვედრაში მონაწილეობაზე რიონის ხეობის მცველებმა უარი თქვეს, ვინდაიდან თავდაპირველად დაანონსებული იყო, რომ შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართებოდა, რაც მათთვის მიუღებელი იყო. მედიისთვის შეხვედრის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება თურნავამ მის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღო.  „აი ახლა გავხსენით თქვენთან საუბარში. ასე, რომ პრობლემა არ გაქვთ”, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

„გული დაგვწყდა, რომ სხვადასხვა, ალბათ, ტექნიკური პრობლემის გამო ვერ მოხერხდა უფრო სრულყოფილ, ფართო ფორმატში დღეს შეხვედრა და კერძოდ, ის ადამიანები, რომლებიც ახლა კარვებში იმყოფებიან, ე.წ. „რიონის ხეობის მცველები“ ვერ/არ დაესწრნენ ამ შეხვედრას… ამიტომ, მე და ჩემი კოლეგა ლევან დავითაშვილმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩავიდეთ ახლა იქ, შევხვდეთ ახლა იმ ადამიანებს და დავთქვათ მათთვის მისაღები ფორმატი და ადგილი შეხვედრისთვის. პირველ რიგში იმისთვის, რომ ვუთხრათ, ჩვენი დიდი სურვილია, რომ მათთან საუბარი გაიმართოს. ვწუხვართ იმის გამო, რომ დავუშვათ, ფორმატის გამო, არ ისურვეს აქ ჩამობრძანება და გვესმის მათი იმიტომ, რომ ღია ფორმატი არის აუცილებელი.

თქვენც ხედავთ, რომ ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება და მედია სრულად დავასწარით შეხვედრას. მაგრამ მესმის, რომ დრო შეიძლება არ ეყოთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილების შედეგად აქ ჩამოსულიყვნენ. ამიტომ ახლა, მე და ლევან [დავითაშვილი] ჩავალთ მათთან ადგილზე, სადაც ისინი ამდენი დღეა თავის პროტესტს გამოხატავენ და შევთანხმდებით ალბათ შემდგომ შეხვედრის ფორმატზე, უფრო მომზადებულ ვითარებაში, როდესაც მათი მხრიდანაც ექსპერტები იქნებიან ჩართული და ჩვენ ჩვენს ექსპერტებს ჩავრთავთ”, – განაცხადა თურნავამ.