თურნავა: მეგობრებო, ჩვენ ვაშენებთ კერძო სექტორზე დამყარებულ საბაზრო, განვითარებულ ეკონომიკას

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას სიღარიბის დაძლევასა და დასაქმების ადგილების ზრდაზე ისაუბრა. მან სიღარიბის დაძლევის კონტექსტში მნიშვნელოვანი უწოდა ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმებაზე და თქვა, რომ სახელმწიფოს მიზანი კერძო სექტორის დახმარებაა, რადგან სამუშაო ადგილებს ქმნის კერძო ბიზნესი და სახელმწიფო აშენებს კერძო სექტორზე დამყარებულ საბაზრო, განვითარებულ ეკონომიკას.

„ოპონენტები გვაკრიტიკებენ სწრაფი ეკონომიკური აღდგენის ხშირი ხსნების გამო. უნდა გვახსოვდეს, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი თვითმიზანი არ არის. ეს არის ის მოცემულობა და შედეგი, რომელიც გარდაიქმნება დამატებით საბიუჯეტო შემოსავლად, საიდანაც წელს და მომავალ წელს ვაფინანსებთ დამატებით კაპიტალურ თუ სოციალურ ხარჯს და ასევე აისახება დასაქმების ზრდაზე.

სიღარიბის დაძლევისა და დასაქმების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ღარიბაშვილის ახალი ინიციატივა სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი ადამიანების საჯარო სამუშაოებზე დასაქმების შესახებ.

ეს არის პროექტი, რომელიც ეფუძნება ევროპული ქვეყნების გამოცდილებას – პოლონეთის, ჩეხეთის, უნგრეთის. წარმატებული გამოცდილება არსებობს და დადებით მოტივაციას გაუჩენს სოციალურად დაუცველ, შრომისუნარიან ადამიანებს, რათა იმუშაონ და სოციალურ შემწეობასთან ერთად შრომის ანაზღაურებაც მიიღონ.

დასაქმებისკენ ჩვენი ძირითადი სტრატეგია ქართული ბიზნესის, ქართული წარმოების განვითარებაა.

გუშინ და დღეს ჩვენი ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვებს ვუსმენდი, რომ აი, ბიუეჯტი რამდენ ახალ სამუშაო ადგილს ქმნის.

მეგობრებო, ჩვენ ვაშენებთ კერძო სექტორზე დამყარებულ საბაზრო, განვითარებულ ეკონომიკას. ბიზნესი ქმნის ძირითადად სამუშაო ადგილებს და მთავრობა ხელს ვუწყობთ ამას.” –  განაცხადა ნათია თურნავამ.