თურნავა მოადგილეებზე: ვერ გაუძლეს პოლიტიკურ ზეწოლას

პუბლიკა

ნათია თურნავას სამივე მოადგილემ ეროვნულ ბანკში გუშინ, 20 სექტემბერს თანამდებობა დატოვა – საუბარია პაპუნა ლეჟავას, ნიკოლოზ გაგუასა და არჩილ მესტვირიშვილზე. მიზეზი სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ერთპიროვნული გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმადაც დასავლური სანქციების აღსრულების წესი შეიცვალა, შედეგად კი ოთარ ფარცხალაძის გაყინული ანგარიშები აღდგა.

მოადგილეების გადაწყვეტილება თურნავამ გუშინ „იმედი ლაივის“ ეთერში შეაფასა. თქვა, რომ „მათ ვერ გაუძლეს პოლიტიკურ ზეწოლას” და მათი გადაწყვეტილება არის „პოლიტიკური ზეწოლის კლასიკური მაგალითი“.

თურნავას თქმით, მოადგილეების წასვლით ეროვნული ბანკის ფუნქციონირებას ხელი არ შეეშლება, თუმცა მათი წასვლა „სამწუხარო ფაქტია“.

თურნავა ამბობს, საბჭოს წევრებს „აქვთ სხვადასხვა დოზით ამტანლობა პოლიტიკური ზეწოლის მიმართ, მათ „ვერ გაუძლეს“, თუმცა მისი თქმით, საბჭოში რჩებიან პროფესიონალი, „უფრო მეტი პასუხისმგებლობით განმსჭვალული წევრები“.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ამბობს, რომ  „ზეწოლა და ბულინგი ბანკის სხვა თანამშრომლებზეც გრძელდება“.

„ვიცი, რატომ მიიღეს მათ ეს გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტიზებული გადაწყვეტილება, მათ ვერ გაუძლეს პოლიტიკურ ზეწოლას”, – თქვა თურნავამ. 

ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა განცხადება გუშინ დაწერა, თუმცა თურნავამაც განმარტა, რომ ისინი კიდევ ორი თვის განმავლობაში რჩებიან პოზიციაზე და ნოემბერში დატოვებენ ოფიციალურად თანამდებობას.

მათ შორის, ერთ-ერთ მოადგილეზე, არჩილ მესტვირიშვილზე თქვა, რომ მას ორ თვეში ისედაც უმთავრდებოდა საბჭოში ყოფნის ვადა. ამიტომ მესტვირიშვილის გადაწყვეტილება თურნავამ ასე შეაფასა – „ეს იყო დემონსტაციული აქტი, ალბათ“.

გადამდგარმა ვიცე-პრეზიდენტებმა სხვადასხვა მედიასთან წასვლის მიზეზებზე ისაუბრეს. თქვეს, რომ გადაწყვეტილებას რომელიც სებ-მა მიიღო, არ ეთანხმებოდნენ და მასზე არც გავლენა ჰქონიათ.

„ვისმენ ყველას აზრს, თუმცა ეს [გადაწყვეტილება] იყო ეროვნული ბანკის დისკრეცია და ის აბსოლუტურად მართებულია – შეესაბამება კონსტიტუციას და დაიცავს საქართველოს მოქალაქეებს”, – თქვა მან.

მისი თქმით, პარლამენტში პრეზიდენტის მიერ წარდგენილია ორი ახალი წევრობის კანდიდატი. თუმცა, დღეს, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი უარს აცხადებს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების წარმოდგენაზე, მანამდე „სანამ ბანკის გარშემო არ გაირკვევა სიტუაცია“. 

პრეზიდენტის სურვილია, გადადგეს ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის საბჭომ კი „გააბათილოს ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება“. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად ოთარ ფარცხალაძისთვის შეზღუდვების დაწესებაზე გადაწყვეტილება შეცვალა. ფარცხალაძეს ეროვნული ბანკის სანქცია გაუუქმდება, რაც ნიშნავს, რომ მას აღუდგება წვდომა საბანკო სერვისებზე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში გამონაკლისი დაამატა. ამ გამონაკლისის მიხედვით საქართველოს მოქალაქეს სანქცია დაუწესდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.

სწორედ სებ-ის ეს გადაწყვეტილება გახდა სამი – ვიცე-პრეზიდენტისთვის თანამდებობის დატოვების მიზეზი.