თურნავამ ჯანდაცვის ახალი მინისტრისა და ღარიბაშვილის შესაძლო ნათესაობაზე კითხვას არ უპასუხა

პუბლიკა

ნათია თურნავამ ახალი ჯანდაცვის მინისტრზე დასმულ კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ახალი მინისტრი ეკონომიკური განათლების მქონე ადამიანია და ჯანდაცვის სისტემაში ფინანსური ნაკადების სწორი მენეჯმენტისთვის ეს გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კითხვას – არის თუ არა ჯანდაცვის ახალი მინისტრი ღარიბაშვილის შვილის ნათლია და რას იტყვის მათ ნათესაურ კავშირზე – უპასუხა:

„თქვენ ეს გაინტერესებთ და არა მისი პროფესიონალიზმი და ის თუ რა ეღირება ჯანდაცვის სერვისები მომავალში?! მგონი არასწორად სვამთ აქცენტებს“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო მსხვილი ბიუჯეტის მქონეა და ახალი მინისტრი ამ გამოწვევას თავისი განათლებით გაუმკლავდება.

„ჩვენს გუნდს მაღალი რანგის პროფესიონალი შემოუერთდა. ეკონომისტი, ფინანსისტი. მივესალმები, რაც მეტი ფინანსისტი და ეკონომისტი იქნება წამყვან თანამდებობაზე. ეს წარმატების საწინდარია. ჯანდაცვის სამინისტრო მსხვილი ბიუჯეტის მქონე სამინისტროა. კოვიდის პერიოდში მისი რესურსტევადობა გაიზარდა და დღის რეჟიმში დგება ამ თანხების მეტად ეფექტიანი განკარგვა, რასაც ახალი მინისტრი თავისი გამოცდილებით უკეთ გაუმკლავდება. ჩვენ ჯანდაცვის სერვისებში ფასების გამოწვევა გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობას ადეკვატური ფასის და ხარისხის ჯანდაცვის სერვისები მივაწოდოთ. ეს დამოკიდებულია ფინანსური ნაკადების სწორ მენეჯმენტზე“, – განაცხადა თურნავამ.