თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე მოქალაქეებმა 51 მლნ ლარამდე დაზოგეს – პრემიერის მოხსენება

პუბლიკა

„მიმდინარე წლის მარტიდან დღემდე 155 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 74 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით 23 მილიონი ლარი გადაიხადა. შესაბამისად, პირველი მარტიდან დღემდე, გვაქვს მნიშვნელოვანი, 51 მილიონ ლარამდე დანაზოგი“, – ამის შესახებ სამთავრობო პროგრამების შესრულების შესახებ პრემიერის მოხსენებაშია ნათქვამია.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმები ფარმაცევტული სექტორის გაუმჯობესების მიმართულებით, რაც ერთდროულად გულისხმობდა როგორც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მათზე მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯის შემცირებას, ასევე წამლის ხარისხის კონტროლის გაძლიერებასა და მისი რაციონალური მოხმარების ხელშეწყობას.

„მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია თურქეთის ბაზრის გახსნა და მეზობელი ქვეყნიდან იმ მედიკამენტების იმპორტი, რომლებზეც მოსახლეობის დანახარჯები მნიშვნელოვნად მაღალი იყო. დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია. რეფორმის შედეგად სახეზეა ხელშესახები ცვლილებები, რაც გამოიხატა ფასების 60% − 80%-მდე შემცირებაში“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.