თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4900-მდე გაიზარდა

პუბლიკა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შემდეგ სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მაშველები ისევ ცდილობენ ნანგრევებიდან მოქალაქეების ამოყვანას და განაგრძობენ დაღუპულთა ძიებას.

ბოლო მონაცემებით, 6 თებერვალს მომხდარ მიწისძვრას, ჯამში, თითქმის 4900 ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის კატასტროფისა და გადაუდებელი შემთხვევების მართვის სამსახურის წარმომადგენლის ორჰან თათარის თქმით, თურქეთში დაღუპულია 3 381 ადამიანი, დაშავდა 20 426 ადამიანი და დაინგრა 5 775 შენობა. თუმცა სამაშველო სამუშაოების პარალელურად სულ უფრო იზრდება მსხვერპლის რაოდენობაც.

მიწისძვრის შედეგად თურქეთში დაიღუპა საქართველოს ორი მოქალაქეც. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ მოახერხეს საქართველოს ყველა იმ მოქალაქესთან დაკავშირება, რომლებსაც ეძებდნენ. სხვა გარდაცვლილი ან დაკარგული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ მიუღიათ.

თურქეთში ჯერ კიდევ რჩება განგაშის უმაღლესი დონე. ანკარამ ოფიციალურად ითხოვა საერთაშორისო საზოგადოებასთან მიწისძვრის შედეგებთან გამკლავებაში დახმარება. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი ქვეყანაში 7-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მათ დასახმარებლად უკვე 65-მა ქვეყანამ 2 600-ზე მეტი მაშველი გაგზავნა. ჯამში, თურქ მაშველებთან ერთად, სამაშველო ოპერაციებში 13 700-ზე მეტი ადამიანია ჩართული.

სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ასობით ავტომობილი და სპეციალური ტექნიკაც. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის ჩაიტანეს 41 500-ზე მეტი კარავი და 300 000-ზე მეტი საბანი.

თურქეთში ათასობით ადამიანი ცდილობს, დახმარება გაუწიოს დაზარალებულებს. თუმცა ხელისუფლება მოუწოდებს მათ, რომ თავი შეიკავონ სტიქიის ზონაში ავტომობილებით გადაადგილებისგან. მასშტაბურ ნგრევას თურქეთში ყინვა და დიდთოვლობაც დაემთხვა, რაც გადაადგილებას კიდევ უფრო ართულებს.

გაზიანთეფში ეს დღეები დღისით ტემპერატურა მხოლოდ 4-6 გრადუსია ცელსიუსით, ღამით კი -7 გრადუსიც, კიდევ უფრო ცივა მთიან სოფლებში. შედარებით თბილა სირიაში, ღამით იქაც ყინვაა, რაც სამუშაოებს და ნანგრევებში მოყოლილთა მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.

თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ სანაცვლოდ წითელი ჯვრის ოფისებში მიიტანონ საბნები, თბილი ტანსაცმელი და ვისაც შესაძლებლობა აქვს, ჩააბაროს სისხლი. სისხლის ბანკებში მოქალაქეთა რიგებია.

არაერთი ქვეყნის ხელისუფლებამ გამოხატა წუხილი და მხარდაჭერა მიწისძვრით დაზარალებულთა მიმართ. თურქეთი ბევრი ქვეყნისგან იღებს როგორც ფინანსურ დახმარებას, ისე სამაშველო პერსონალსა და აღჭურვილობას. ირანი და ერაყი მიწისძვრის შედეგებთან გამკლავებაში სირიას ეხმარებიან.

თურქეთში პირველი დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვლის ღამით, 04:17 საათზე დაფიქსირდა, 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია თურქეთში აღრიცხულ მიწისძვრებს შორის. ძლიერი ბიძგები თითქმის ერთი წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მიწისძვრას მოჰყვა ათობით განმეორებითი ბიძგი.

13:24 საათზე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

5.5-5.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა დღეს დილითაც, 06:13 საათზე, ისევ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.